
უკრაინის პრემირმინისტრის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, უკრაინა თავისი ტერიტორიების ერთ სანტიმეტრსაც არ დათმობს და შეეცდება, რუსეთის ფედერაციასთან არსებული კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაწყვიტოს.
ამის შესახებ განცხადება იაცენიუკმა ტარას შევჩენკოს სახელობის პარკში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პრემიერის განცხადებით, უკრაინა მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა:
„შევძლებთ თუ არა მის გადალახვას? ჩვენი დამაჯერებელი პასუხია: დიახ, შევძლებთ! ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. უკრაინის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ოჯახებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ მეზობელმა ქვეყანამ ომი წამოიწყო. ჩვენი პასუხი რუსეთის ფედერაციისადმი მხოლოდ ერთია: ერთობა, დამაჯერებლობა, მიზანმიმართულობა და იმის რწმენა, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ეს ჩვენი ტერიტორიაა! ამ მიწისთვის ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ და ჩვენ არცერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ. იცოდეს ამის შესახებ რუსეთმა და მისმა პრეზიდენტმა!“, - განაცხადა იაცენიუკმა.