-
2014-03-09 12:50
მიხეილ ხოდორკოვსკი კიევში იმყოფება. სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხოდორკოვსკი კიევში ორშაბათს ჩადიოდა, თუმცა, იგი უკვე კიევში იმყოფება.
პუტინის პირად პატიმრად წოდებული მიხეილ ხოდორკოვსკი ციხიდან დეკემბერში, 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ გამოვიდა. ხოდორკოვსკი იური ლუცენკოსთან ერთად გრუშევსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი ევრომაიდანიც მოინახულა.
ყოფილი პატიმრის განცხადებით, იგი კიევში მეგობრებთან ერთად არის ჩამოსული, სურს თავისი თვალით ნახოს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.
„უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია, აქ ლექციის ჩასატარებლად ჩამოვედი და ლექციაზე ვიტყვი ყველაფერს რისი თქმაც მსურს, ახლა კი მსურს კოლეგებთან ერთად ვნახო რა ხდება და რა იყო მანამდე, არ მინდა რაიმე პარალელების გავლება, მხოლოდ მსურს გავერკვე იმაში, თუ რა მოხდა. შთაბეჭდილებებზე ლაპარაკი არ მსურს“, - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.
იური ლუცენკოს განცხადებით კი იგი დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთს არ სურს მეზობლად ჰყავდეს თავისუფალი და ძლიერი უკრაინა, ყირიმის რეფერენდუმს კი ანტიკონსტიტუციურს უწოდებს:
„პუტინს სურს შეაჩეროს დემოკრატიული ტალღა, რომელიც იმპერიის საზღვრებს მიუახლოვდა, მას უნდა შეინარჩუნოს სახე იმპერიისთვის თავდადებულების წინაშე, პუტინს მთელი მსოფლიოს შეშინება სურს და საკუთარი თავი იმპერიის აღმდგენად წარმოიდგინა, სამწუხაროდ ის მე-19 საუკუნის ნეანდერტალურ პოლიტიკას ატარებს, როდესაც იმპერატორები სამყაროს, რუკაზე ფანქრის გავლებით ინაწილებდნენ, ეს ვერ გამოვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნები ნორმალურ და მშვიდობიან ვითარებას დაუბრუნდნენ. რეფერენდუმს რაც შეეხება, ეს არ არსებობს, არის მხოლოდ ნახევრად კრიმინალური პირების დადგმა, რომელსაც სხვა ქვეყნის ნაწილის წაცინცვლა სურთ, ამიტომ მე არ ვიყენებ სიტყვა რეფერენდუმს“, - განაცხადა ლუცენკომ.