
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი კონკრეტულად ვერ ასახელებს წინა ხელისუფლების ვერცერთ წარმომადგენელს, რომელმაც საქართველო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს დატოვა.
ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ ირაკლი სეიაშვილთან სატელეფონო საუბარი გაასაჯაროვა. სესიაშვილი ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე მხოლოდ ის მონაცემები აქვს, რაც მედიით გავრცელდა, ხოლო შსს–დან მონაცემების გამოთხოვას აწი აპირებს.
გოგა ხაჩიძის მიერ სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ ირაკლი სესიაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ხაჩიძის უღირსი საქციელის შემდეგ სრული საფუძველი აქვს „ნაცი „კოლეგების“ ზარებს არ უპასუხოს.
მის ამ პოზიციას გოგა ხაჩიძემ ისევ „ფეისბუქით“ უპასუხა:
„ღირსებაზე ის ნუ დაგველაპარაკება, ვინც პრაქტიკულად მტკნარ სიცრუეს ამბობს და სამშობლოს ღალატში გვდებს ბრალს.
სამშობლოს ღალატია, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, პასუხისმგებლობა გაკისრია და ომის დროს შენი ქვეყნიდან გარბიხარ.
მე და ჩემი მეგობრები ასე არ მოვქცეულვართ!
ჩვენ ვიფიქრეთ, ვიშრომეთ, ვიბრძოლეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამშობლო შეგვრჩენოდა“, – წერს გოგა ხაჩიძე.
იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოდან „გაქცევის“ თემა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, როგორც გოგა ხაჩიძე წერს, თავად ინტერესდება მათი ვინაობის გარკვევით, ვინც ომის დროს ქვეყანა დატოვა ან არ დატოვა და ბრალდება.
გოგა ხაჩიძემ კონკრეტული პიროვნებების დასახელების თხოვნით მთავრობისა და პარლამენტის წევრებს მიმართა:
„მოგმართავთ საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის წევრებს!
პატივცემულო კოლეგებო!
ბატონო მინისტრებო!
თუ რომელიმე თქვენგანს გააჩნია ინფორმაცია, კონკრეტულ თანამდებობის პირზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქვეყნიდან გაიქცა, უმორჩილესად გთხოვთ, საჯაროდ განაცხადოთ ამის შესახებ, ან დამიკავშირდით და პირადად მოვისმენ ინფორმაციას თქვენგან.
ეს უფრო ფოკუსირებულს გახდის ჩემს მცდელობას და დროსაც დავზოგავთ.
თანამშრომლობის და სიმართლის გარკვევის იმედით, პატივისცემით: გოგა ხაჩიძე“.
მის განცხადებას, ჯერჯერობით, ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია. 2008 წლის აგვისტოში „გაქცევის“ თემას 8 მარტს ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა და დაინტერესდა, „თავად ისინი სად იყვნენ, ახლა რომ პერანგს იხევენ“, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენელთა ქვეყნიდან გასვლის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.
ვიდეო: "სამოქალაქო პრესის" მიერ ვიდეოპორტალზე ატვირთული, გოგა ხაჩიძის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბარი ირაკლი სესიაშვილთან.