-
2020-04-15 16:45
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, რეგიონში აღდგომის დღეებში სასაფლაოზე გადაადგილების შეზღუდვა განიხილება.
როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ორი ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის ექიმია. მისივე ინფორმაციით, გაზრდილი რისკის გამო მიღებულია გადაწყვეტილება სოფელ სავანეთის ჩაკეტვის თაობაზე.
„სასიხარულო ის არის, რომ ამ დღეებში მანძილზე რუსთავში ვინარჩუნებთ სტაბილურობას და მარნეულშიც. ორი ფაქტი მიემატა ბოლნისის მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, ერთი არის სასწრაფოს ბრიგადის ექიმი, ქალბატონი და სასწრაფოს ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრი, შვილი და ჯამურად მივიღეთ 20 დადასტურებული ფაქტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ბოლნისში, სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები იყო, ჩვენ მდგომარეობა განვიხილეთ და დღეს უკვე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავანეთი გადაიკეტება და სოფელში განხორციელდება საკარანტინო რეჟიმი. 38 სამედიცინო პერსონალი იყო დაკვირვების ქვეშ. ისინი არიან მკაცრი კარანტინის სივრცეებში გადანაწილებული. მათგან როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ ექიმს დაუდასტურდა და ექვსთან გარკვეული სიმპტომების გამო აღებულია საკვლევი მასალა და ველოდებით პასუხს“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია, თუმცა მუნიციპალიტეტის შიგნით მიმოსვლა დაშვებულია.