
„რუსეთში ქართველთა კავშირის“ ლიდერს, ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას „თავისუფალი ზონის“ წევრმა ირაკლი ჩხვირკიამ „რუსეთის ნომრიანი აგენტი“ უწოდა, ხოლო ხუბუტიამ მას პასუხად უთხრა, რომ თვითონ ვაჟკაცია, ირაკლი ჩხვირკია კი - ლაჩარი.
მიხეილ ხუბუტიასა და ირაკლი ჩხვირკიას შორის სიტყვიერი შეკამათება გადაცემის მსვლელობის დროს რამდენჯერმე მოხდა.
„თქვენ ჩემი ნამუსის 5% რომ მოგცათ, საკმარისი იქნებოდა თქვენთვის“, - ასე უპასუხა „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ „თავისუფალი ზონის“ წევრს როცა მან ჰკითხა, რა ნამუსით საუბრობს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
„პუტინის დრო მალე დამთავრდება და მასთან ერთად დამთავრდება მისი მეხოტბეებისა და ხელის ბიჭების დროც, თქვენი თამადობით“, - მიმართა ჩხვირკიამ მიხეილ ხუბუტიას, მოგვიანებით კი მას უთხრა: „ჩემი აზრით, თქვენ საერთოდ არა გაქვთ ნამუსი. როგორ შეიძლება, ქართველმა ადამიანმა და, მით უმეტეს, დიასპორის წარმომადგენელმა ასე ილაპარაკოს 2008 წლის ომზე“.
მიხეილ ხუბუტიამ განაცხადა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, რომელიც წამოეგო კოკოითის, „ამ საზიზღარი ადამიანის“ პროვოკაციას.