
ცოტა ხნის წინ სევასტოპოლში რუსმა სამხედროებმა უკრაინული სამხედრო ნაწილის შტურმი დაიწყეს. შტურმი დაწყებულია სამხედრო ნაწილ А2355-ზე. ამის შესახებ „ინტერფაქს უკრაინა“ იტყობინება.
სააგენტოს სამხედრო ნაწილის მორიგემ შეატყობინა, რომ რუსი სამხედროები ნაწილთან „კამაზის“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ, რკინის კარები შეანგრიეს, აიღეს პირველივე დამხმარე შენობა და საკომანდო პუნქტისკენ მიიწევენ.
სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ასამდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შტურმში 20-დე შეიარაღებული პირი მონაწილეობს. სამხედრო ნაწილი А2355 უკრაინის საჰაერო ძალების ტაქტიკური ჯგუფის „კრიმის“ დაქვემდებარებაში შედის.
მოცემულ მომენტში ნაწილის მეთაური და ოფიცრები უიარაღოდ გამოვიდნენ ოკუპანტებთან და მათთან მოლაპარაკებას მართავენ. პირადი შემადგენლობა ერთ-ერთ ყაზარმაში დისლოცირდა და საბრძოლო მზადყოფნაშია.