
ირაკლი ოქრუაშვილი თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბრობს და ექსკლუზიურად „რეაქციის“ ეტერში აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ გუშინ მიიღო პარლამენტმა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც 5 წლიდან ბოლო ორი წელი ცხოვრობდა საქართველოში- აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს კანონი სწორედ მის წინააღმდეგ არის მიღებული.
ოქრუაშვილის განცხადებით, ის ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარეს, თუმცა უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ახლა უკვე ყველაფერი დაგვიანებულია.
,,მე ვესაუბრე უსუფაშვილს, ვუთხარი, რომ ეს კანონი მეხებოდა პირდაპირ მე. მან მითხრა , რომ საქმის კურსში არ იყო, შევხვდი მეორე დღეს და მითხრა, რომ ყველაფერი დაგვიანებული იყო და ვერაფერს შეძლებდა,“- აცხადებს ოქრუაშვილი.
მისი თქმით, მას მინიმუმ ორი გამოსავალი აქვს ნაპოვნი შექმნილი სიტუაციიდან, რათა მიეცეს საშუალება გორში იყაროს კენჭი:
„მინიმუმ ორი გამოსავალი მოძებნილი მაქვს, მაგრამ არ მინდა ბარიერების გადალახვა მანიპულაციით“- ამბობს ოქრუაშვილი.
ყოფილი მინისტრის განცხადებით, ის იმედს იტოვებს, რომ ეს ხელისუფლების ხაზი არაა და კანონში ცვლილებები მისი პოლიტიკური აქტივობის აღსაკვეთად არ შესულა, თუმცა ოქრუაშვილი ეჭვობს, რომ ცვლილებებს, ვთქვათ, ასლან აბაშიძის ვაჟის წინააღმდეგ არ მიიღებდნენ.
მისი თქმით, მას სხვა პოლიტიკოსი არ ეგულება, რომელსაც ბოლო ორი წელია ქვეყანაში არ უცხოვრია და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ოქრუაშვილი იმასაც აცხადებს,რომ გარკვეული ჯგუფის მიერ მოხდა მისი ამოღება პოლიტპატიმართა სიიდან, თუმცა ის კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.
ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე, რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილს, რესპოდენტი აცხადებს, რომ ნდობისთვის ბევრი მიზეზი არსებობს: „პირველ რიგში ის, რომ უკეთესი არ არსებობს. ადგილზე უკეთესს ვგულისხმობ. იქ ვინც არიან კლანების ხელმძღვანელები, მაგათთან შედარებით მე ანგელოზი ვარ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.