
საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013 წ.წ.) მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს.
სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მთავრობაში მისი მეგობრები არიან, მაგრამ იქ საქმე არ არის: „უკრაინის მთავრობაში ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ უკრაინის მთავრობაში არ არის საქმე.
ყველა უკრაინელმა ზეპირად იცის საქართველოს რეფორმებზე. ყველა უკრაინელმა ნახა საქართველოს შედეგები და უკრაინელებისთვის ეს გახდა მისაბაძი. რაც შეეხება ფორმალური პოზიციის შეთავაზებას, ჩემი მთელი არსება ეკუთვნის საქართველოს.
ისტორიულად იყო ბევრი ქართველი, რომელმაც კარიერა უცხოეთში გაიკეთა. მთელი ჩემი კარიერა გაკეთებულია საქართველოში. მე ვარ ქართველი, ვინც შეძლო საერთაშორისო კარიერის გაკეთება საქართველოში. ეს იშვიათად ხდება ჩვენს ისტორიაში.
განსხვავებით წარსულის ქართველებისგან, რომელიც გაბრაზდებოდნენ და უცხო ქვეყნებს ემსახურებოდნენ, მეორე სიცოცხლეც რომ მქონდეს, მეორედაც ვიმუშავებდი საქართველოში. მესამეც და მეათე სიცოცხლეც მიეძღვნება საქართველოს.
ასე, რომ შეუძლიათ არ ინერვიულონ, არანაირ ფორმალურ პოზიციას არ ავიღებ სხვაგან“,- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი მრჩევლად ჰყავს მიწვეული და მათ ურჩია, არ ენდონ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.