
თეოლოგი ბექა მინინდიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი სადარდებელი მიხეილ სააკაშვილია, ეს ყოველივე კი მის მიმართ „ღრმად გამჯდარ შიშზე მეტყველებს“:
„მოსწონს ვინმეს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ოცნების მთელი შემადგენლობა, ყოვედღიურ რეჟიმში, დაუღალავად, მთელი თავისი ლიბერალებიანად, მის წინაშე უმწეო და უსუსურ ძალად წარმოაჩენს ხოლმე თავს.
უკრაინას რომ შევეშვათ (აქ ყველაფერი ცხადია), ამდენი ხანია მათი ერთადერთი სადარდებელი სააკაშვილია, თანაც ისე მძაფრად, რომ შეუძლიათ ქვეყნის ყველანაირი ინტერესი მისი სახელის გაშავებას შეწირონ. იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ეს სააკაშვილისადმი მათ ღრმად გამჯდარ შიშზე მეტყველებს და დაჭერებით ამ შიშს ვერ მოერევი, პირიქით. ასევე, კარგი იქნება ყველასთვის, რომ მთავრობა ერთხელ და სამუდამოდ შეეგუოს იმას, რომ მათი ძალაუფლება ნაციონალების მიერ საკუთარი ძალაუფლების დათმობის შედეგია და დასავლეთისთვის, გარდამავალ ქვეყნებში, არჩევნების მოგებაზე მეტს, წაგება ნიშნავს.
კიდევ ერთი რამეა, დრო მხოლოდ წინა ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს - რაც მეტი დრო გავა, მეტად გაიზრდება მისი პოზიტიური საქმეების მასშტაბი და შემცირდება იმის მნიშვნელობა, რაც მართლაც რეალურად დააშავა. ესეც გარდაუვალია. ამიტომ აჯობებს, ოცნებამ ბოღმასა და შიშს თავი ანებოს და რაიმე ისეთზე იფიქროს, რაც სააკაშვილივით მათაც საერთაშორისო აღიარებას მოუტანს“, - წერს ბექა მინდიაშვილი.