-
2020-03-16 21:37
ქრონიკული დაღლილობა არის მენტალური, ფიზიკური და ემოციური გამოფიტვის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ჭარბი სტრესით, რაც შემდგომში სიცოცხლის ინტერესის, ცხოვრების ხარისხისა და მოტივაციის დაკარგვას იწვევს.
ასეთ ადამიანებს ახასიათებთ პესიმიზმი, თვითიზოლაცია, სიამოვნების დაკარგვა, ასევე აქვთ აპათიისა და უიმედობის განცდა, პროდუქტიულობის დაკარგვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

ქრონიკული დაღლილობის დროს სულ მცირე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ადამიანი მუდმივად გრძნობს ფიზიკურ და სულიერ დაღლილობას. ის არ გაივლის ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი და მეტად ძლიერდება ფიზიკური და ფსიქო–ემოციური გადაძაბვის შემდეგ.
გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა მკვლევართა უმრავლესობა იხრება ვირუსული ეტიოლოგიისკენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ებშტეინ–ბარეს ვირუსი, ჰერპესული ჯგუფის ვირუსები, ციტომეგალოვირუსი.

ქრონიკული დაღლილობის ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება : ცხოვრების არასწორი წესი, შრომითი საქმიანობის მძიმე პირობები, გარემო ფაქტორები და სხვა.
რა დაავადებებზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ქორნიკული დაღლილობა?
ფარისებრი ჯირკვალი
სისუსტის და მოთენთილობის მიზეზი ხშირად ფარისებრივი ჯირკვლის პრობლემებია. ჰორმონების მატებასთან ერთად იზრდება ფარისებრი ჯირკვალი, ადამიანს უხშირდება გულისცემა და გრძნობს ცხელებას. არასაკმარისი ჰორმონების შემთხვევაში კი, წონაში იმატებს და მუდმივად ამცივნებს.
ანემია
ანემიის დროს სისხლის წითელი სხეულები არასაკმარისი რაოდენობით აწოდებენ ორგანიზმს ჟანგბადს და სწორედ ამიტომ გრძნობს ადამიანი სისუსტეს. ანემიის მთავარი მიზეზები ორგანიზმში რკინის სიმცირე ან შიდავენური სისხლდენა, თირკმელების დაავადება ან სიმსივნეა. დაღლილობასთან ერთად ანეემიას უძილობა, კონცენტრაციის დაკარგვა, გულისა და თავის ტკივილები ახასიათებს.
დიაბეტი
შაქარი ადამიანის ორგანიზმში ერთგვარი „საწვავის“ ფუნქციას ასრულებს, თუმცა ამ ფუნქციის გაუმართავი მუშაობა მუდმივ დაღლილობის და სისუსტის მიზეზი ხდება. დიაბეტის მთავარი სიმპტომები უმადობა, წონის დაკარგვა, ხშირი შარდვა, მუდმივი წყურვილის გრძნობა და მხედველობის პრობლემებია.
დეპრესია
დეპრესიული მდგომარეობა, რომლითაც ადამიანი ხშირად წლობითაც იტანჯება, პრაქტიკულად მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე მოქმედებს ნეგატიურად. დეპრესია სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა აქტიურობის შემცირება, უძილობა და უმადობა, გულმავიწყობა და კონცენტრაციის დაკარგვა, მუდმივი განგაშის და მარტოობის შეგრძნება, ნებისმიერ შემთხვევაში თან ახლავს.