-
2014-03-01 12:59
ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს და 11 კმ–იანი გზის შეკეთება მოითხოვეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრებლებმა და საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ იტყობინება.
გამოცემა აქციას ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციას თემში შემავალი ყველა სოფელი შეუერთდა.
„სოფელ ჩოჩხათს ორივე მხრიდან ცენტრალური გზა ესაზღვრება _ ერთის მხრივ, ოზურგეთი ლანჩხუთის ბეტონის გზა, მეორეს მხრივ, კი ლანჩხუთის მაგისტრალი. იქვეა სუფსის რკინიგზის სადგური, რომლითაც ადგილობრივები ხშირად სარგებლობენ.
ეს გზა 11 კილომეტრია და ავარიულია. რამდენიმე ადგილზე, ჩამოწოლილი მეწყრის გამო გავლა საშიშია. მდინარე სუფსის კალაპოტი კარგა ხანია, შეცვლილია, რაც ადგილობრივებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
აღნიშნულ მონაკვეთზე, სოფლის გამგებლის ინფორმაციით, 7 კარიერია. დღის განმავლობაში "ხრეშით" დატვირთული რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა სწორედ ამ გზას გადის, რაც მწყობრიდან გამოსულ გზას კიდევ მეტად აფუჭებს.
ჩოჩხათში ამჟამად 1200 კომლი ცხოვრობს. მოსახლეობის 80 პროცენტი დაუსაქმებელია და თავს სოფლის მეურნეობით ირჩენს.
ჩოჩხათელების თქმით, აღნიშნული გზის გაკეთების დაპირება მათ არაერთხელ მიიღეს, თუმცა, უშედეგოდ. ამ დრომდე ეს საკითხი მოთხოვნის და "აუცილებლად გაკეთდებას" იქით არ წასულა.
როგორც ჩოჩხათელები ამბობენ, საპარლამენტო არჩევნების წინ, ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ ამ გზის გაკეთება იყო:
2000-მდე ადამიანის ხელმოწერილი წერილი, დაპირების შესრულების მოთხოვნით და გზის გაკეთების აუცილებლობის დასაბუთებით, სახელმწიფო კანცელარიაში, ბიძინა ივანიშვილთან ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში გააგზავნეს. მოსული პასუხის თანახმად კი წერილზე რეაგირება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა“, – წერს გამოცემა.
ჩოჩხათელების აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ისინი ინფრასტრუქტურის მინისტრის ადგილზე ჩასვლას და დაპირების შეუსრულებლობის გამო კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.
"გურია ნიუსის" ფოტოები
