
საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში ნაწილობრივ მიიღო:
"2014 წლის 27 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქის გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N574) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე ითხოვდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლებელია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება, ხოლო 160-ე მუხლის მე-2 წინადადება ითვალისწინებს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ბრალდებულის დასწრების გარეშე.
მხარეთა მოსმენისა და საქმის მასალების განხილვის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ აკმაყოფილებდა არსებითად განსახილველად მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს და, შესაბამისად, დასაშვებად ცნო იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
მოსარჩელე გიორგი უგულავამ ასევე დააყენა შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.