
დიალოგი და დებატები ძლიერ ოპოზიციასთან კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყანას, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მომდევნო არჩევნებში კიდევ ერთხელ დაადასტუროთ, რომ დემოკრატია სახეზეა,
- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.
"22-ე წელია აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერი და მზარდი თანამშროლობის დაწყებიდან. ბევრი შედეგი იქნა მიღწეული, ბევრი პროგრესი, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით. მინდა მოგილოცოთ 2012 წელს თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ განვითარებას.
ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მომდევნო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დაადასტუროთ და წარმოაჩინოთ, რომ დემოკრატია ზეიმობს ქვეყანაში, რაც ძლიერი ოპოზიციის არსებობასაც გულისხმობს. დიალოგი, დებატები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უფრო გააძლიერებს ქვეყანას. ჩემი აზრით, დემოკრატია მხოლოდ იგებს, როცა ძლიერი ოპოზიცია არსებობს", - აღნიშნა ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უძღვება.
სახელმწიფო მდივნის შეფასებით, აშშ-ს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. როგორც მან აღნიშნა, აშშ საქართველოს დამატებით რამდენიმე მიმართულებით დაეხმარება, როგორც ევროატლანტიკური მიმართულებით სვლაში, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც.
"მინდა გამოვაცხადო დამატებითი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას – პირველ რიგში, ესაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართულება და ე.წ. ბორდერიზაციის – საზღვრის გავლების მიმართულებით წარმოქმნილი ზიანის შემცირება, ასევე გამოვთქვათ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის ხელშეწყობის მზადყოფნა, ინვესტიციების, ვაჭრობის გაძლიერების, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ხელს შეწყობს ევროკავშირთან ინტეგრაციასაც.
ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალ პლანზე წამოსწევს საქართველოს რეპუტაციას. შეერთებული შტატები ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ვაჭრობის სფეროში უფრო ძლიერი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ჯონ კერიმ.
მისი განმარტებით, საქართველო მოიაზრება როგორც ვაჭრობის რეგიონალური ცენტრი, რომელიც ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისა და რეგიონალური თანამშრომლობის გარანტი იქნება.
"ბუქარესტის გადაწყვეტილება და ყველა შემდეგი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს საბოლოოდ გაწევრიანებას ნატოში. საქართველოს მიღწევებს აუცილებლად აღიარებს ორგანიზაციის ყველა წევრი სამიტზე", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მისივე განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობა არის მომავალზე ორიენტირებული და ის სწორად წაიყვანს ქვეყანას.
კერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემითაც დაინტერესდა და ტერიტორიის უკანონოდ შემოსაზღვრის პროცესის მიმდინარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა.
როგორც ჯონ კერიმ შეხვედრაზე განაცხადა, ის საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა.