
დეკემბერში გამოვიარე ბრიუსელში და ვარშავაში, რომ უცხოელი დიპლომატები შემეგროვებინა და უკრაინაში ჩამეყვანა- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ,,არჩევანში“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ის დაეხმარა იანუკოვიჩის მოწინააღმდეგეებს, როგორც რჩევებით, ასევე დასავლელი ლიდერების მხარდაჭერითაც.
,,ბოლო კვირებში ყოველდღე ველაპარაკებოდი ყველა ლიდერს, ჯერ დეკემბერში მთხოვეს შეხვედრა. ჯერ გამოვიარე ბრიუსელში და ვარშავაში, რომ უცხოელი დიპლომატები შემეგროვებინა და ჩამომეყვანა, რის შემდეგაც იანუკოვიჩის მთავრობამ გამომაცხადა პერსონა ნონ გრატად.
მერე დამემატა მაკკეინი, რომელიც სხვა სენატორებთან ერთად, ასევე ჩემი თხოვნით ჩამოვიდა უკრაინაში. როცა აღარ შემეძლო უკრაინაში შესვლა, ოპოზიციის ლიდერებმა მიუნჰენში მთოხვეს ჩასვლა და იქ მქონდა შეხვედრები.
ორი ღამე ვილაპარაკეთ, ძალიან სხარტი და ჭკვიანი ხალხია. ახლა კი , როგორც ხედავთ, კიდევ კარგი შემომიშვეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა ჩემი მეგობარი, ამის შესახებ ჩემი თვითმფრინავის დაჯდომამდე 15 წუთით ადრე გავიგე, რომლისგანაც მივიღე უფლება რომ შემოვსულიყავი. ასე რომც არ მომხდარიყო, როგორმე შევძლებდი აეროპორტიდან გამოღწევას“- განაცხადა სააკაშვილმა.