
მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ადგილზე გადაღებულ მტკიცებულებებს ასაჯაროებს.
ეს გადაწყვეტილება მთავარ პროკურატურაში მას შემდეგ მიიღეს, რაც დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა მკვლელობის სავარაუდო იარაღად სხვა საგნებთან ერთად მაკრატელიც დაასახელა.
საგამოძიებო უწყებაში, ამტკიცებენ, რომ მკვლელობის იარაღი, ადგილიდან ამოღებული დანებია, ხოლო მაკრატელი ადგილზე მისულ სამედიცინო პერსონალს დარჩა.
„ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე, შესაბამის დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის მოწმეთა დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან საგნის არსებობა არ დგინდება,“-განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.