
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟიშვილი ცოტნე გამსახურდია ბერ გაბრიელის ნეშტის გადასვენების რიტუალთან დაკავშირებით კონკრეტულ შენიშვნებს გამოთქვამს და მათ შორის, მედიასაც აკრიტიკებს.
ცოტნე გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„მამა გაბრიელი ჩემი მომნათლავი (და არა ნათლია, როგორც ეშლებათ ხოლმე) მღვდელი იყო...ორმოცი დღისა ვიყავი, როცა ეს მომხდარა: მამაჩემს ოფიციალური რელიგიის მესვეურებმა გასაგები მიზეზების გამო ყველგან უარი უთხრეს და რიტუალი მამა გაბრიელის სამლოცველო სახლში აღსრულდა, რომელიც მას ჰქონდა "იატაკქვეშ" მოწყობილი.
მაშინ ბერს არავინ იცნობდა ფაქტობრივად, მამამაც შემთხვევით მიაგნო... მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელიც კია, რამოდენიმე მიზეზის გამო:
1) არ უნდა მომხდარიყო ადამიანების რანჟირება, მათი ადგილზე შეშვება თანამდებობრივი თუ სოციალური სტატუსის მიხედვით. ან საერთოდ ღია უნდა ყოფილიყო რიტუალი, ან - სრულიად დახურული. პირადად მე დაპატიჟებული გახლდით, მაგრამ არ წავედი. ღმერთის წინაშე ყველა და ყველაფერი ერთი, ერთიანი და თანასწორია! ნუთუ მამა გაბრიელი მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათვის ლოცულობდა?!
2) სრულიად ამაზრზენია ე.წ. "რელიგიურ-პატრიოტული" მედიის საქციელი. ჩემი ნება რომ იყოს, ჟურნალისტური საქმიანობისათვის ლიცენზიას შემოვიღებდი. მორჩით ამ სპეკულირებას უხრწნელობით და რაღაც ნეკროფილურ ვნებებს, ფოტოკოლაჟების და უბრალოდ სიყალბის ჩვენებას.
ძვალთა და თმათა დარჩენა საფლავში სრულიად ბუნებრივია და ვეჭვობ, მავანთ სწორედ ამიტომ გააკეთეს ცერემონიის ამგვარად ორგანიზაცია, რომ ნახევრად იდუმალი, დახურული ატმოსფერო ნოყიერი ნიადაგი ყოფილიყო სპეკულაციებისა და ცრურწმენებისათვის! ხრწნა ხორცისათვის ბუნებრივი და დამახასიათებელია, მაგრამ ეჭვი მაქვს, ზოგის გონებაც გაიხრწნა უკვე...
3) და ბოლოს: რწმენისათვის, გონისათვის დროსა და სივრცეს მნიშვნელობა არა აქვს. აკი გაბრიელ ბერის ღვაწლიც ერთი სენაკიდან აღსრულდებოდა. არ არის აუცილებელი იქ პირადად მისვლა, მიწაზე განრთხმა თუ ძვლებთან ჩახუტება, არც საკრედიტო ბარათების საფლავზე დაწყობა!
ყოველივე ამის შემდეგ, კვლავ ვრწმუნდები, რომ ჩვენ კარგა ხანს არაფერი გვეშველება...“, – წერს ცოტნე გამსახურდია.