
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რაც პეტრო პოროშენკოს დავალებით მესაზღვრეებს უნდა გაეკეთებინათ, რაც იმის გარანტია იქნებოდა, რომ "არავითარი გარღვევა არ მოხდებოდა".
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ხერსონიდან ჩართვისას განაცხადა, სადაც მას ადგილობრივი მოქალაქეები ელოდებოდნენ და დახვედრა მოუწყვეს:
"მე გეტყვით, რა ნაბიჯები უნდა გადაედგა პოროშენკოს, გონივრულად რომ მოქცეულიყო. მე, რომელიც პოლონეთმა გამატარა საზღვარზე, ვბრუნდებოდი შინ, ვაპირებდი, წარმედგინა მესაზღვრეებისთვის ჩემი პასპორტი, გამევლო ყველა პროცედურა, რაც კანონითაა გათვალისწინებული.
თავი გავანებოთ იმას, რომ პოროშენკოს მიერ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა თავიდანვე არასწორი ნაბიჯი იყო, პოროშენკოს თუ უნდოდა, რომ სკანდალი აეცილებინა, მესაზღვრეებისთვის ის კი არ უნდა დაევალებინათ, არიქა, საზღვარზე აფეთქება მოხდება, ეგრე თქვითო, არამედ მათ უნდა ეთქვათ ჩემთვის:
"მობრძანდით, პან მიხეილ, დაბრძანდით, აი ოთახი, აი ჩაი, აი WI-FI, პროცედურებია გასავლელი, ბრძანდებოდეთ, დაგველოდეთ, დანარჩენებს შეუძლიათ მიბრძანდნენ, ეს მხოლოდ პან მიხეილს ეხება..." - სახალხო დეპუტატები ადგებოდნენ და წავიდოდნენ, ჟურნალისტები რამდენიმე საათს იდგებოდნენ და წავიდოდნენ, ხალხი იდგებოდა, მაგრამ მეორე დღე სამუშაო დღე იყო, ამიტომ ყველა ადგებოდა და წავიდოდა. მე არ წავიდოდი და შესვლას მაინც ვეცდებოდი, მაგრამ როდემდე ვიჯდებოდი იქ? ამ გზით, შესაძლოა, იმისთვის მიეღწიათ, რომ მე უკან, პოლონეთში გავბრუნებულიყავი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.