
"ახალ ძალთა გაერთიანების" ადვოკატმა ცოტა ხნის წინ უკრაინის საემიგრაციო სამსახურში განცხადება შეიტანა, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს იმ პირის სტატუსი, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს.
"ამ განცხადების შეტანას ითვალისწინებს კანონი ლტოლვილებისა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც დამატებით დაცვას საჭიროებენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან მარკიან გალაბალამ.
"როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და არსებობს ქართული მხარის მოთხოვნა მისი ექსტრადიციის შესახებ. ექსტრადირების შემთხვევაში მას შესაძლოა, საქართველოში არ მიეცეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენის უფლება.
სწორედ იმიტომ, რომ არ დაიშვას სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში და უკრაინის სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს მისი დამატებითი დაცვის ფუნქცია, ჩვენ ეს განცხადება შევიტანეთ", - აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთან, სააკაშვილის ადვოკატმა თავის გვერდზე "ფეისბუქზე" დაწერა, რომ სახელმწიფო საზღვრის შესახებ უკრაინაში მოქმედი კანონის მე-9 ნაწილის მე-9 მუხლის მიხედვით, "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესები დარღვეულად არ ითვლება, თუ სახელმწიფო საზღვრის კვეთა პირების მიერ ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე სხვა იძულებითი გარემოებების დროს".