
უკრაინა-პოლონეთის საზღვრის შეგინის გამშვებ პუნქტთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ კორდონების გარღვევის ამსახველ ერთერთ ვიდეოში ჩანს, რომ სააკაშვილის ერთერთმა მხარდამჭერმა ორი სპეცრაზმელი სააკაშვილს ჩამოაშორა, რითაც სხვა აქტივისტებს ცოცხალი ჯაჭვის გარღვევის საშუალება მისცა.
"მე მესროლეთ!" - ამ სიტყვებით მიმართა აქტივისტმა პოლიციელებს და მაისური ასწია, რის შემდეგაც მათ მკერდი მიუშვირა. ერთერთმა ინტერნეტმომხმარებელმა "ფეისბუქის" კომენტარში დაწერა, რომ ის ატო-ს ზონის მებრძოლია, დაჭრილი იყო და პოლიციელებს სწორედ ნაიარევი დაანახა.
ნეიტრალურ ზონაში, ცოცხალ ჯაჭვში მდგარ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდათ, მათ აღჭურვილობაში მხოლოდ რეზინის ხელკეტები შედიოდა.
ცეცხლსასროლი იარაღი მეორე კორდონში მდგარ პოლიციელებს ჰქონდათ, თუმცა, აქტივისტებმა ეს კორდონიც ისე გაიარეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება და მხარდამჭერებთან და პოლიტიკოსებთან ერთად ლვოვისკენ მიემართება.