-
2017-08-26 03:34
2010 წელს პარიზში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, საქართველოში "ევროკოპტერის" სამი ახალი ვერტმფრენი შემოვიდა. აქედან ორი ახალი „სუპერ პუმა“ და ერთი „ეკიუროი ბ3“ ანუ „ციყვი“.
ამავე კონტრაქტის მიხედვით უნდა შემოსულიყო კიდევ 3 ახალი ვერტმფრენი, თუმცა, ამ შეთანხმების შესრულება ხელისუფლების შეცვლამ ჩაშალა.
ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი წერს, რომ "ფრანგული „ეკიუროი ბ3“ ანუ „ციყვი“ ევერესტზე ჯდება. ღამის ხედვის შლემით (რაც ფრანგებმა გამოაყოლეს) მშვენივრად შეუძლია ღამით მუშაობა. ძალიან სწრაფია, მოქნილი და უსაფრთხო ექსტრემალურ ვითარებებში ფრენისთვის. მისი გამოყენებით, 2010 წელს 3 ესპანელი ალპინისტი გამოსტაცეს ხელიდან სიკდილს ნეპალში, ზღვის დონიდან 6900 მეტრზე".
მისივე ინფორმაციით, "ფრანგულ ვერტმფრენებს ღამის ხედვის შლემებიც მოყვა და წყლით ასავსები კალათებიც, ერთ –ერთი ბრწყინვალეა სამაშველო ოპერაციებისთვის ზღვის დონიდან 7000 მეტრზეც და უფრო მაღლაც, ექსტრემალურ ვითარებაში ფრენისთვის მაქსიმალურად უსაფრთხოა.
ვერტმფრენიდან ერთი 4 ადგილიანია, ერთი 11 ადგილიანი, ერთიც 19 ადგილიანი. ის ტყავის სავარძლები იკეცება და თავისუფლად იხსნება კიდეც. ვინ უშლის ვინმეს სავარძლების ნაცვლად იყოს "ნასილკები?" ან 11 და 19 ადგილიანი ვერტმფრენი პირადი სარგებლობისთვის შეძენილი როგორ არის? წყლის გადასაზიდი კალათების ვერტმფრენებზე დამაგრება ვინღა აკრძალა? კალათები მოყვა...
ფრანგებთან გაფორმებული კონტრაქტით, ფრანგებს ამ მაგარი ვერტმფრენების მართვა–გამოყენება უნდა ესწავლებინათ, მათ შორის ღამით ფრენისთვის. შეთანხმება ითვალიწინებდა ეკიპაჟის მომზადებას და ტექნიკურ ტრენინგებს.
ბიძინა ივანიშვილს გაყიდვა ჰქონდა განზრახული, კონტრაქტი ლამის დახია და შეჭამა. ასე რომ, განმკარგავებმა დაქოქვა ძლივს ისწავლეს და ფუნქციებში აშკარად ვერ გარკვეულან. ეს არც სააკაშვილის ბრალია და არც "ევროკოპტერის". ივანიშვილს მოკითხეთ", - წერს ეკა წამალაშვილი.
სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს მფრინავი, იოსებ არჯევანიშვილი "რუსთავი-2-თან" ამბობს, რომ „სუპერ პუმების“ გამოყენება სამაშველო ოპერაციების დროს დაშვებულია, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტული ვერტმფრენები ამისთვის განკუთვნილი არ არის:
„როგორც იცით, ორი "სუპერ პუმა“, რომელიც არის ჩვენს ბალანსზე, თანამედროვე აღჭურვილობისაა. წინამორბედმა მთავრობამ შეიძინა ეს ვერტმფრენები, რომელსაც დღეს ვიყენებთ მხოლოდ სასაზღვრო მონიტორინგისთვის. ამ ვერტმფრენების გადაკეთება არ მოხერხდება. ეარბასს ისეთი ხელშეკრულება აქვს დადებული, რომ მხოლოდ გადაიცვლება და მიდის მოლაპარაკება, რომ სამ სამაშველო ვერტმფრენზე გადაიცვალოს,“ - განაცხადა იოსებ არჯევანიშვილმა.
ვერტმფრენები ჯერ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და მისი მოვლა ბიძინა ივანიშვილის კომპანიას დაევალა საბიუჯეტო დაფინანსების სანაცვლოდ, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში აღმოჩნდნენ.
სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე გავრცელებულ, ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში კი ნათლად ჩანს, როგორ მუშაობს "სუპერ პუმა" ხანძრის ზონაში, თუკი ის აღჭურვილია დამატებითი ცეცხლმაქრი დეტალებით.