
8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია" და მედიაჰოლდინგი "ქრონიკა პლუს" კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე და ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან, ცოცხალი ჯაჭვის გავლებას გეგმავენ.
აქციები მიზნად ისახავს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებასა და მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვას, ხოლო ენგურის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვით მისი მონაწილეები 8 აგვისტოს სოხუმში ვ.ვ. პუტინის ჩასვლასაც გააპროტესტებენ.
ყარაფილასთან აქცია 12 საათზე, ხოლო ენგურის ხიდზე - 14 საათზე დაიწყება. ზუგდიდში თბილისიდან მოქალაქეების გადაყვანა ორგანიზებული წესით გათვალისწინებული არ არის, ხოლო "ძალა ერთობაშია" ორგანიზაციის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ყარაფილამდე მსურველებს ტრანსპორტით გადაიყვანენ. მისივე თქმით, შეკრება დილის ათი საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე, "რედისონის"(ყოფილი "ივერია") წინ იგეგმება.
რაც შეეხება შეკრებას ზუგდიდში, ენგურის ხიდზე პროტესტის გამოხატვის მსურველები თავისუფლების მოედანზე 12 საათიდან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც საოკუპაციო ზოლის სოფელ რუხის მონაკვეთზე გადაინაცვლებენ, ენგურის ხიდთან.
ენგურის ხიდის ცოცხალ ჯაჭვში, ძირითადად, "ქრონიკა პლუსის" ჟურნალისტები და რედაქციის სხვა თანამშრომლები იდგებიან, რომლებიც დასავლეთ საქართველოში მცხოვრებლებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ აქციაში იმ შემთხვევაში, თუ ყარაფილასთან ჩასვლას ვერ ახერხებენ.
"აქცია ტარდება "ქრონიკა პლუსის" მიერ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით", - ამბობს "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე. მისი თქმით, ის აქციაზე ქუთაისიდან დაიძრება, საიდანაც ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობის მსურველი მოქალაქეები უკვე შეეხმიანენ.
"8 აგვისტოს პუტინი ჩადის სოხუმში. 8 აგვისტოს,ქრონიკა+"-ის და ჩვენი თანამემამულე ამერიკელი პარტნიორების ინიციატივით ენგურის ხიდზე გაიმართება აქცია:"შეაჩერე ოკუპაცია". ჩვენ ენგურის ხიდიდან ვეტყვით მსოფლიოს რომ რუსეთი ოკუპანტია ! აფხაზეთი საქართველოა!", - წერს ის "ფეისბუქზე".
"ქრონიკა პლუსის" ჟურნალისტი, რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი და "ოლმედიის" რედაქტორი ლაშა ბერულავა ამბობს, რომ ამ აქციაში ზუგდიდელთა მონაწილეობისა და აქტიურობის იმედი აქვს:
"მინდა რამდენიმე დღით ადრე ჩავიდე ჩემს მშობლიურ ქალაქში და მშობლიური ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერით, ასევე სხვა მედიასაშუალებებით მოვუწოდო ადგილობრივებს, შეუერთდნენ აქციას. ეს არ არის რომელიმე პარტიის მიერ ორგანიზებული ან დაფინანსებული აქცია. 14 ივლისს, ბერშუეთში, სწორედ ასე სპონტანურად შევკრიბეთ ხალხი და საკმაოდ ბევრნი ვიყავით.
აქციის მონაწილეთა სიმრავლე ჩვენი თვითმიზანი არ არის, მთავარია, რომ ვლადიმირ პუტინის დემონსტრაციული ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გაპროტესტდება. ცხადია, ყარაფილასთან დაგეგმილ აქციას სოლიდარობას ვუცხადებთ და ყველა იქ მისულს მივესალმებით, მაგრამ ალბათ, უპრიანია, ცოცხალი ჯაჭვი ენგურის ხიდზეც იდგეს, რადგან სწორედ ენგურის ხიდიდან და კიდევ ორი მიმართულებიდან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 2008 წელს უამრავი რუსული საბრძოლო ტექნიკა და დიდი რაოდენობით ცოცხალი ხიდზე ც ძალა შემოვიდა", - აცხადებს ლაშა ბერულავა.