-
2017-07-19 10:32
ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 79 წლის გახდა. მსახიობი მუდმივად ეხმიანება საქართველოსთვის სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებს, ცნობილია მისი დამოკიდებულება ასევე ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიმართ.
ბუბა კიკაბიძე განსაკუთრებით სენსიტიურია რუსეთიდან მომავალი საფრთხეების მიმართ. 2015 წელს ის "კვირის პალიტრასთან" საუბარში გამოეხმაურა შიდა ქართლში ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტებს, რომელიც მაშინაც აქტუალური იყო.
ბუბა კიკაბიძემ განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, მალე რუსები თბილისში შემოვლენ:
"საშინლად ვარ, ეს ე.წ. საზღვარი ისევ გადმოსწიეს... ეგ გადმოწევა არ დამთავრდება ჩვენ თუ არ მივხედეთ საქმეს ბოლოს და ბოლოს! დაურეკეთ მთავრობას და ჰკითხეთ, იმათ უნდა თქვან როგორ უნდა მივხედოთ! რუსები ასე გადმოწევა-გადმოწევით თბილისამდე მოვლენ. უნდა იგრძნონ, კაცო, რომ ჩვენ ჩუმად არ ვართ! მაგათ ჰგონიათ ჩვენ მაინც ყველაფერს შევეგუებით და შედეგიც ეგ არის, რა! მთავრობას გადაეცით, რომ მალე თბილისში დაგვიჯდებიან რუსები...
ბარემ ავწიოთ ხელები და ჩავბარდეთ, რაღას ვწვალობთ ამდენს! ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა –ერმა და ბერმა! ან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან - მეორე. ეს რა არის, კაცო?! გვითხრან თუ ყველაფერი დამთავრებულია და უნდა შევეგუოთ რუსის თბილისში დაჯდომას, მაშინ აღარც ჩვენ ვიქნებით მუდმივად სულ ასეთ გაუგებრობაში! ნერვები აღარ არის...", - ამბობდა ბუბა კიკაბიძე 2015 წელს, "კვირის პალიტრასთან" საუბარში.