-
2017-06-07 13:54
უკვე გადაწყვეტილია, რომ ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მისი კანდიდატურის წარდგენას რამდენიმე დღეში გეგმავს. "ოლმედიისთვის" ინფორმაცია ენმ-ს პოლიტსაბჭოსთან დაახლოებული წყაროდან გახდა ცნობილი.
იმის თაობაზე, რომ ზაალ უდუმაშვილმა, შესაძლოა, ენმ-დან თბილისის მერობის კანდიდატად იყაროს კენჭი, ინფორმაცია რამდენიმე დღეა, მედიაში ვრცელდება. ენმ-ს პოლიტსაბჭოში ადასტურებდნენ, რომ უდუმაშვილი ერთერთი იყო მათგან, ვის კანდიდატურასაც პარტია თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრისთვის განიხილავდა.
ზაალ უდუმაშვილი კიევში იმყოფებოდა და ენმ-ს დამფუძნებელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. "ოლმედიის" ინფორმაციით, შეხვედრაზე შეთანხმება საბოლოოდ შედგა, თუმცა, კიევიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ენმ-დან იყრის თბილისის მერის თანამდებობაზე კენჭს, თუ დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. მისი თქმით, განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს:
"ვადასტურებ, რომ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს და პარტიის სხვა ლიდერებს. შემომთავაზეს, რომ კენჭი ვიყარო თბილისის მერობის კანდიდატად. თუმცა მე მათ ვთხოვე, რომ გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო მოეცათ. ჩემი გადაწვყეილების შესახებ უახლოეს მომავალში გავაკეთებ განაცხადებას.
ჯერ გადაწყვტილი არ მაქვს "ნაციოლური მოძრაობის" სახელით ვიყრი კენჭს თუ დამოუკიდებელი კანდიდატი ვიქნები" - განუცხადა ზაალ უდუამაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და არხის ერთ-ერთი სახეა.