-
2017-06-06 14:25
ცაიშის მიტროპოლიტს მეუფე გერასიმეს მოქალაქე ვალტერ აქუბარდია სასამართლოში უჩივლებს-ამის შესახებ სამეგრელოს რეგიონული მედია სტატიას აქვეყნებს.
,,ლაივპრესი“ წერს, რომ მეუფე გერასიმემ მონასტრის მოსაწყობად ნაჩუქარი უძრავი ქონება ეპარქიის სახელზე გადააფორმა და 170 000 ლარად ენერგოკომპანია „კავკასენერგოს“ მიჰყიდა.
გამოცემის ცნობით, ვალტერ აქუბარდიამ , წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეში მის საკუთრებასი არსებული სახლი და ეზო დაახლოებით 2.2 ჰექტარი , შვილის გარდაცვალების შემდეგ სოფლის მამაოს მამა ანდრიას უსასყიდლოდ გადასცა, რათა იქ მისი შვილის სახელზე სამონასტრო კომპლექსი მოეწყოთ. მას შემდეგ, რაც მონასტერი არ გაშენდა, აქუბარდიამ მიზეზი იკითხა, მოგვიანებით კი გაარკვია, რომ მამა ანდრიასთვის ნაჩუქარი ქონება ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა ეპარქიის სახელზე გადააფორმა და შემდეგ გაყიდა.
„მე და ჩემი მეუღლე შვილის გარდაცვალების შემდეგ მივედით მეუფე გერასიმესთან, ოთხი ადამიანიც მიმყავდა. შევთანხმდით, რომ ჩვენი შვილის სახელზე ყოფილიყო მონასტერი ჩვენს სახლში. დიდი სახლი გვაქვს ჭალეში ათოთახიანი. ეზოში სახლის გარდა ხის ოდაც დგას. ამას გარდა მივეცი მიწის ნაკვეთებიც, ჯამში 2,5 ჰექტარი.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რომ ვკითხე სოფლის მღვდელს, რატომ არ აკეთებთ მონასტერს-მეთქი, ჭირს ახლა ბერებიო. მე ვუთხარი უსახლ-კაროები მაინც შეასახლეთ-მეთქი. დღეს ხვალო და ასე გავიდა დრო“, - უთხრა „ლაივპრესს“ ვალტერ აქუბარდიამ.
ჭალეში ახლა ეპარქიის გაყიდულ, ვალტერ აქუბარდიას ეზოში, ენერგოკომპანია მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ბოძებს დგამს და აქუბარდიების სახლს ანგრევენ.
მეუფე გერასიმე კი ,,ლაივპრესთან“ საუბრისას ამბობს, რომ ყოფილი მეპატრონის პრეტენზიები უსაფუძვლოა და თუ ჩივილი უნდა სახელმწიფოს უჩივლოს ,რადგან ახლა უკვე ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა.
„მას საქმე უკვე სახელმწიფოსთან აქვს და ჩვენთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. თუ რამეა მან სახელმწიფოს უნდა მიმართოს. კი ბატონო იჩივლოს და სასამართლომ გაარკვიოს“, - გვითხრა ეპისკოპოსმა.
წყარო:livepress.ge