ოლესია ჟუკოვსკაიას ევრომაიდანზე თითქმის ყველა იცნობს – ის ძალიან აქტიური ექიმი–ვოლონტერია. 20 თებერვალს ოლესია ბევრს, მათ შორის ოჯახის წევრებსაც, მკვდარი ეგონათ.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სნაიპერის მიერ ყელში დაჭრილი ოლესია წაიქცა, მაგრამ ტელეფონის ჯიბიდან ამოღება და „ტვიტერსა“ და „ვ კონტაქტე“–ზე, საკუთარ პროფილებზე, ორი სიტყვის დაწერა მოახერხა: „მე ვკვდები“.
ოლესია ჟუკოვსკაიას, რომელიც სხვებს ეხმარებოდა და მაიდნიდან დაჭრილები გაჰყავდა, ცოცხალს მიუსწრეს, სისხლდენა შეძლებისდაგვარად შეუჩერეს და კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს. ის გადარჩა და ამბობს, რომ როგორც კი მოღონიერდება, ისევ ევრომაიდანზე დაბრუნდება.