
სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს ირაკლი ოქრუაშვილმა გაიხსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე თანაგუნდელების დასჯის წინააღმდეგი იყო და ამბობდა, რომ მათი დასჯა გუნდის ჩამოშლას გამოიწვევდა.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ის ამ საკითხზე რამდენჯერმე ესაუბრა როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე ვანო მერაბიშვილს:
ვანო მერაბიშვილის პარლამენტში გამოსვლამდე, სანამ საზოგადოებას ფარსის მატარებელ ვერსიას შესთავაზებდნენ, მე მას ვესაუბრე. ემოციური საუბარი იყო. როგორც ვანომ მითხრა, მის შვილს ბაღში ეუბნებოდნენ, რომ ის და მისი მეუღლე გირგვლიანის მკვლელები იყვნენ. ვანო წუხდა შვილის ემოციის გამო და რამდენჯერმე ცრემლიც წამოუვიდა.
არაერთხელ განვიხილე მიშა სააკაშვილთან ეს საკითხი. თავიდან სააკაშვილი ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა, მაგრამ შემდეგ, ხაზი გაუსვა, რომ ამ ადამიანების დასჯა ქვეყნის და გუნდის ჩამოშლას გამოიწვევდა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა პროცესზე.
"მათ ჰქონდათ პრეტენზიები ჩემ მიმართ, რატომ ვეხმარებოდი გირგვლიანის დედას და რატომ ვიყავი ასეთ პოზიციაზე. ერთ-ერთი აქციის დროს შევჩერდი რუსთაველზე გირგვლიანის დედას გავესაუბრე და მათი პრეტენზია სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა.
მივხვდი, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა და იმასაც მივხვდი, რომ დამნაშავეები მერაბიშვილის ცოლი და ახალაია არ დაისჯებოდნენ", - დაამატა ირაკლი ოქრუაშვილმა.