-
2013-05-17 11:14
17 მაისის დადგომას სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ შეხვდა.
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო პირები პანაშვიდის დასრულების შემდეგ მათ ქაშუეთის ეკლესიიდან პირდაპირ ყოფილი პარლამენტის შენობიოს წინ გადაინაცვლეს და პარაკლისი გადაიხადეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. ერთ-ერთზე ეწერა: „ჰომოსექსუალიზმი ერის გენოციდია“.
ლგბტ პირებისა და მოძრაობა „იდენტობის“, ასევე მოქალაქეთა ნაწილის მიერ დაანონსებული აქცია 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით გარკვეული პირებისა და პოლიტიკური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან პროტესტის საგნად იქცა.
რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. ადგილზე იყო ასევე მობილიზებული საპატრულო პოლიციაც. დილიდან ყოფილი პარლამენტის შენობის წინ პოლიციელთა დამატებითი კონტიგენტი გამოჩნდა.
17 მაისის აქციისადმი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიცია უკვე გამოკვეთილია: მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლებები უნდა იყოს დაცული: „ისინი ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ჩვენ“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ 17 მაისს პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იდგება.
პარლამენტის თავმჯდომარემ დაახლოებით იგივე პოზიცია გამოხატა და აღნიშნა, რომ 17 მაისის აქციის გაუქმების წინააღმდეგია.
აქციის გაუქმების თხოვნით საქართველოს საპატრიარქომ გუშინ მიმართა თბილისის მერიას. თბილისის მერიამ საპასუხო განცხადებაში მიუთითა, რომ აქციას ვერ გააუქმებს, რადგან მისი ჩატარებისთვის ნებართვა არ მიუცია: მსგავსი აქციების ჩატარების დროს კანონი არ ითვალისწინებს ნებართვის გაცემას ხელისუფლების რომელიმე ორგანოს მხრიდან - აქციის იდეის ავტორებს მხოლოდ მათი დაუწყება ევალება, რაც 17 მაისის აქციის ორგანიზატორებმა უკვე გააკეთეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლგბტ პირებსა და 17 მაისის აქციის სხვა მონაწილეებს ქართველ ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი შეუერთდა. ამავე დროს, ლგბტ აქციის საწინააღმდეგო აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ გუშინ ღამით დაიწყო, შეუერთდნენ „ეროვნული ფორუმის“ წევრები.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქციის ჩატარება 13:00 საათზეა დაანონსებული.
რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახური
გამოყენებულია "ლიბერალის" ფოტო.