
გარემოვაჭრეების კუთვნილი რკინისა და ხის დახლები გამთენიისას დასუფთავების სამსახურმა აიღო, ღონისძიებას პოლიცია უწევდა ზედამხედველობას, მოხდა შელაპარაკება გარემოვაჭრეებთანაც, თუმცა, მათი სიმცირის გამო დაპირისპირებას დიდი მასშტაბი არ მიუღია.
"ისე შემოვიდნენ, გეგონებოდა, აფხაზეთის დასაბრუნებლად მიდიანო, მართლა შემეშინდა", - განაცხადა ერთერთმა გარემოვაჭრემ. სხვა ქალბატონის განცხადებით კი, პოლიციამ და დასუფთავების სამსახურმა დახლები მანქანების ძარებზე დაყარა და წაიღო, ხოლო მათი თხოვნა, რომ რკინის მაგიდები და ბარჯები მაინც დაეტოვებინათ, "რათა ისინი ჯართში ჩაებარებინათ", არ გაითვალისწინა.
"დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს, რომ უახლოეს დღეებში დახლების აღების პროცესი დაიწყებოდა, რასაც მოვაჭრეთა მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. მისივე თქმით, მერიამ მათ ალტერნატიული სავაჭრო ფართი შეღავათიან ფასში შესთავაზა, თუმცა თანხმობა ვერ მიიღო.
შეგახსენებთ, უფრო ადრე მერიამ გარემოვაჭრეებისგან აღმაშენებლის გამზირის მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორია, ასევე, ე.წ. კოლმეურნეობის მოედანი გაათავისუფლა. მერიაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეების დახლებისგან ქალაქის ცენტრალური და გარეუბნების ქუჩების გათავისუფლება მომავალშიც გაგრძელდება.