
პრეზიდენტის პარლამენტში 7 აპრილს დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში განსხვავებული პოზიციები აქვთ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, დებატების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის ფორმატი, რაზეც დებატები უნდა გაიმართოს. დებატები პარლამენტში ვიცით სხვაგვარი, რაც გათვალისწინებული არის კიდეც და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩვენი კონსტიტუციითაც და ისედაც, ზოგადად ვითარებიდან გამომდინარე და პირველ რიგში, პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან გამომდინარე დებატების გამართვა იყოს რაღაც სასურველი ფორმატი,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა მნიშვნელოვანი.
„ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა არა დებატები ჩვენ შორის, არამედ პრეზიდენტის გამოსვლა, პრეზიდენტის სიტყვაა უფრო მნიშვნელოვანი. პრეზიდენტის შეფასებები, ინსტიტუციის, რომელსაც შეიძლება, ხშირ შემთხვევაში არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს და პოლიტიკური დებატები შეიძლება სხვა დროსაც გაიმართოს პოლიტიკურ პარტიებს შორის,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.