
ტვ "აფხაზეთის ხმის" ჟურნალისტმა თემურ კვიციანმა სპეციალურად "ნიუსვოისისთვის" მოამზადა სიუჟეტი, რისთვისაც თბილისში, ერთ დანგრეულ სახლში მცხოვრებ ხუთ ბავშვთან, მათ დედასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად დღის გატარება მოუწია.
ხუთი ბავშვიდან უფროსი - ანი 10 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი - ორის. ოთხ ძმას და ერთ დას, ამ ოთახში, ერთმანეთზე მიყუდებულ ხუთ საწოლზე სძინავს. აქვეა შეშის ღუმელი. ბავშვები ერთად მის სიახლოვეს ვერ თავსდებიან, ამიტომ, რიგრიგობით თბებიან.
ღუმელიდან მბჟუტავი ცეცხლის ალი თან ათბობს, თან სადილს ამზადებს, თან ანათებს - სახლში დენი არა აქვთ და მხოლოდ მეზობლისგან ნაწყალობევი ერთი ნათურა ებრძვის სიბნელეს. ოჯახს არც წყალი აქვს და არც ბუნებრივი აირი - მრავალშვილიანმა დედამ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის სამსახურებს, მაგრამ ამაოდ...
უკვე სამი წელია, მარტოხელა მრავალშვილიანი დედა ამ ქოხში შვილებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. სახლი, სადაც ხუთ მცირეწლოვან პატარას უწევს ცხოვრება, თითქმის დანგრეულია. საძინებელი, შესაძლოა, ერთ დღეს ჩამოიშალოს, რადგან კედლები მყარი არ არის. ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებასაც დანგრევის პირას მყოფ სახლში ცხოვრების კვალი ატყვია - მათი თამაში არაა სახლობანა, ისინი ისინი დანგრეული სახლიდან გაქცევის იმიტაციას აკეთებენ და ასე თამაშობენ...
ანი ჯაშიაშვილი ამ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსია - ის ათი წლისაა და შეიძლება ითქვას, რომ დედის მარჯვენა ხელია. მისი ყველა დილა ერთმანეთს ჰგავს: ყოველ დილით ადრე ადგომა, საჭმლის მომზადებაში მოხმარება, ძმების მიხედვა... ხშირად საუზმეზეც უარს ამბობს, რათა ძმებს მეტი საკვები დარჩეთ, მაგრამ დედის კატეგორიულობის გამო საუზმობა მაინც უწევს ხოლმე. მერე სკოლისკენ მიმავალი გზაა... ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, ანი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სახლზე ფიქრი არ ასვენებს და გაკვეთილების მოსამზადებლად დროც არ რჩება.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც გონებაგხსნილობით გამოირჩევიან, ცუდ პირობებში ცხოვრება თავიანთ კვალს ამჩნევს. მისი თქმით, სახელმწიფო ამგვარ ბავშვებზე განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თბილისის მასშტაბით 70 000 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახია, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი ჰყავთ.
ჯაშიაშვილები ყოველთვიურად 250 ლარს იღებენ, ანუ, თითო ბავშვზე 50 ლარია გათვალისწინებული. მასობრივი უმუშევრობისა და ინფლაციის პერიოდში ამ შემოსავლით არსებობა ძალიან ძნელია. მით უმეტეს, ძნელია ბავშვებისა და უფროსების ნატვრის ასრულება - ოდესღაც დამწვარი სახლის ჩანაცვლება არა ნახევრად დანგრეული ქოხით, არამედ ნორმალური, თუნდაც პატარა, კოპწია სახლით.
თემურ კვიციანი, სპეციალურად ნიუსვოისისთვის