
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ახალი და გამოკვეთილი სახე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიული სიის მესამე ნომერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ არჩევნების შედეგების ვიღაცისთვის გადაბრალება ან ერთი, ან მეორე მხრიდან, მისი აზრით, არაკეთილსინდისიერია.
ამასთან, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერავინ შეცვლის, რადგან ის დიდი მასშტაბის ფიგურაა, მაგრამ არ შეიძლება მისი კერპად ქცევა და მისთვის მუდმივი ადგილის მიჩენა. ამ კონტექსტში ელენე ხოშტარია იმ საკითხზე დაწყებულ დავას ეხმიანება, საჭიროა თუ არა, აირჩეს ენმ-ს ახალი თავმჯდომარე, თუ ეს ადგილი ისევ უნდა დარჩეს ვაკანტურად, სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად, როგორც ეს აქამდე იყო.
“სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არის პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი და პარტიის ბევრი წარმატება სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების შედეგების ვიღაცისთვის გადაბრალება ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან, არაკეთილსინდისიერი მგონია.
ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ ვაქციოთ კერპად. ყველა უნდა ემორჩილებოდეს თამაშის წესებს – სააკაშვილიც, მეც, ბოკერიაც და აბსოლუტურად ყველა. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ, თუ ჩვენ პარტიის თავმჯდომარის არჩევაზე ვსაუბრობთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ ვაიმე, როგორ ვეკარებით ამ თანამდებობას და ეს ერთ ადამიანზე უნდა იყოს მიბმული. რა თქმა უნდა, არა. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ მოქნილობას, მუდმივი როტაციის პრინციპსა და განვითარებას, ყველას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ამ პარტიაში.
კიდევ ვიმეორებ, სააკაშვილს ვერავინ შეცვლის, რადგან ის დიდი მასშტაბის ფიგურაა, თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი კერპად ქცევა და მისთვის უპირობოდ მუდმივი ადგილის მიჩენა. რაც მთავარია, საერთო გამარჯვების პირობებში მას აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილებს, ჩამოვიდეს, გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება ჯანმრთელ პოლიტიკურ გარემოში და მაშინ ყველას შეეძლება, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს.” - ამბობს ელენე ხოშტარია.