
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 9+1-წელზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიანი მხატვრული ფილმის ჩვენება სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო. ფილმში არც ერთი პოლიტიკოსი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა როგორც რეჟისორი ამბობს, მათი ამოცნობა მაყურებელს შეეძლება.
„ჰეროკრატიაში“ ექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ ჩანს. მთავარ პერსონაჟს ჰერო ჰქვია. სერიალში მძიმედ საყურებელი სცენები გვხვდება: სასამართლო პროცესები, წამება და სისასტიკე, თუმცა არის კომიკური ნაწილებიც.
როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმში აღწერილია იმ მსხვერპლთა ისტორიები, რომლებიც ცოცხლები ვერ გადარჩნენ.
არ არის დასახელებული მოძალადეების ვინაობა, თუმცა მათი ამოცნობა შესაძლებელია, რადგან, ფილმის შემქმნელთა თქმით, მოქმედებები რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული.
გოგა ხაინდრავას თქმით, ფილმის გადაღებამდე სხვადასხვა საქმეზე 1800 ინტერვიუ ჩაიწერა, მაგრამ შეირჩა მხოლოდ ისინი, სადაც კარგად არის ასახული სახელმწიფოებრივი წნეხი და სისტემური დანაშაული.
სანამ „ჰეროკრატიას“ მაყურებელი ტელეეკრანებზე იხილავდა, გოგა ხაინდრავა აცხადებდა, რომ ფილმს განსაკუთრებით დიდი ბიუჯეტი არ ჰქონია და დარწმუნებული იყო, რომ გადაღებისთვის დახარჯული თანხა, მისი სიმცირის გამო, საზოგადოების განცვიფრებას გამოიწევდა. ხაინდრავა ამბობდა, რომ ეს იქნებოდა პროექტი, რომელიც საქართველოში კინოწარმოებას სხვა სიმაღლეზე აიყვანდა.
ფილმის ნეგატიურ მოსაზრებებს არ იზიარებს ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, გოგა ხაინდრავას სერიალმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერმა სტუდენტური კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. ივანიშვილის თქმით, „ჰეროკრატიის“ რეიტინგით დაინტერესებული „რუსთავი2“ , და „ტაბულაა“. მან ხაზი გაუსვა, რომ ფილმის რეიტინგს თვალს არ ადევნებს.
"ჰეროკრატია" ეთერში ღამის 11 საათის შემდეგ გადის, აღნიშვნით „+18“. გოგა ხაინდრავას ფილმი არასასურველ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის წარმოსაჩენად ფილმის შექმნის პირველი მცდელობა არ არის: უფრო ადრე ეს რუსეთში სცადეს, როცა ვლადიმირ ჟირინოვსკის მეგობარმა და მარჯვენა ხელმა ალექსი მიტროფანოვმა ფილმი "მიშა" გადაიღო - მიხეილ სააკაშვილისა და იულია ტიმოშენკოს მიმსგავსებული მსახიობებით, თუმცა, ფილმს დიდი პოპულარობა არ დაუმსახურებია.
TV "აფხაზეთის ხმა", "ნიუსვოისი", 22 სექტემბერი, ავტორი: მარიამ გაბისონია, ბმული სიუჟეტზე