"ესეც, ჩემი მეჩვიდმეტე!" - ოკუპანტის ფრაზა გიგა ოთხოზორიას დაცხრილვის შემდეგ

Image

„ესეც ჩემი მე-17“ - ეს იყო ბოლო, რუსულად ნათქვამი სიტყვები, რაც გიგა ოთხოზორიამ სიკვდილის წინ გაიგო - ოკუპანტი, რომელმაც მას საკონტროლო ტყვია დაახალა, მოკლულ ქართველებს ითვლიდა. ამის შესახებ გაზეთ "ქრონიკა პლუსსა" და ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" სიუჟეტშია აღნიშნული.

 

მკვლელობის დროს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან არც ერთი ქართველი მესაზღვრე და სამართალდამცავი არ იმყოფება. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ ქართველ სამართალდამცველთა დანაყოფი იდგა.

 

საზარელი მკვლელობა ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება, ე.წ. აფხაზური პოსტიდან 10-12 მეტრის მოშორებით. ქართველი სამართალდამცველები ამ პოსტიდან მხოლოდ 500 მ.-ის სიშორეზე დგანან. გავრცელებული ინფორმაციით, ხუთივე დამნაშავე იმ დღესვე დააპატიმრეს და სოხუმის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა, ეს მხოლოდ მოარული ხმებია.

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზური მხარე გამოძიებას დაურთავს იმ სათვალთვალო კამერის ჩანაწერს რომელიც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. ნათესავი, რომელსაც პირველს შეატყობინეს მკვლელობის ამბავი, ჰყვება, რომ გარდაცვლილს 2 ტყვია ფეხში, 3 მუცელში, ერთი კი თავში, ჰქონდა. მეექვსე ტყვიამ გამჭოლი ჭრილობა დატოვა. 

 

ამ დროისთვის გამკაცრებულია რეჟიმი ეგრეთწოდებულ სასაზღვრო პუნქტზე, იქ ორჯერ მეტი შეიარაღებულია მობილიზებული. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, დამატებითი დანაყოფი ქართულმა მხარემაც გაგზავნა და ჩვენმა სამართალდამცავებმა გაფრთხილების გარეშე სროლის ბრძანებაც მიღეს იმ შემთხვევისთვის, თუ ნაბაკევის მხრიდან სამხედრო პირი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვა. 

 

"აფხაზეთის ხმა", "ნიუსვოისი".

 

გაზეთი "ქრონიკა პლუსი":

 

"ვინ იცის, რამდენჯერ მომხდარა ისე, რომ აფხაზი ბოევიკები ხურჩაში გადმოსულან, ენგურის ადგილობრივი ხიდის გასწვრივ აღუმართავთ ტრაფარეტი „ხურჩა, გალსკი რაიონ“ და სოფლის თავში, რომელიმე სახლში ბანაკიც დაუციათ, ადგილობრივ გამგეობად სახელდებული.

 

როგორც წესი, ამგვარი გამოხტომა მათ მუდამ ძვირად უჯდებოდათ. დიახ, შევარდნაძის მმართველობის დროსაც კი, ხან პარტიზანების აქტიურობის, ხან კი შინაგანი ჯარის პოსტების ხარჯზე, ადგილობრივი მოსახლეობა ბევრად უფრო დაცულად გრძნობდა თავს, ვიდრე ახლა: აფხაზი ბოევიკების თვითნებობა, მაქსიმუმ, რამდენიმე დღეს გრძელდებოდა და შემდეგ, როცა შტაბს პარტიზანები დაადუღებდნენ, უკან იხევდნენ და ხურჩის მიტაცების მცდელობაზე ხელს იღებდნენ.

 

თუმცა, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც წყალგამყოფად პატარა ღელეა მიჩნეული, სულ დაძაბულობა იყო, რადგან გაღმა-გამოღმა დაპისრისპირებული,შეიარაღებული მხარეები იდგნენ - ორივე მხარის შეიარაღებული პირები სანგრებში ისხდნენ და სროლის ხმა იქ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ.

 

ბოლოს აფხაზმა სეპარატისტებმა ხურჩისა და განმუხურის მიტაცება 2008 წლის ომის შემდეგ სცადეს, მაგრამ საბოლოოდ არც ეს გამოვიდა. ამის შემდეგ გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ მიდგომა შეცვალა და ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ ზოლზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო. ცხადია, იქვე იყო ე.წ. სასაზღვრო პუნქტიც - რუსი ოკუპანტების მთელი ჯგუფით. სულ მალე ეს პუნქტი „საზეიმოდ“ გაიხსნა და ამ ამბავს აფხაზურმა ტელევიზიამ ერთი დიდი სიუჟეტიც მიუძღვნა. ახალგახსნილ პუნქტში მივიდნენ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, გაესაუბრნენ ადგილობრივებს, შეამოწმეს კონტროლის პროცესი.

 

სწორედ ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოკლეს გიგა ოთხოზორია. 

 

მათ, ვისაც ამ პუნქტის გავლა თითქმის ყოველდღე უხდება, ძალიან კარგად იციან, რომელი ჯგუფის მორიგეობაა შედარებით მსუბუქი და რომლის - მძიმე. სამწუხაროდ, 19 მაისი ის დღე იყო, როცა პუნქტზე „მძიმე“, ქართველთმოძულე ჯგუფი იდგა.

 

ავტობუსამდე მისასვლელად პუნქტის გავლაა აუცილებელი. ყოფილა შემთხვევები, როცა აფხაზ და რუს ე.წ. მებაჟეებს (უფრო სწორად, როლები ასეა გადანაწილებული: დგანან აფხაზი ე.წ. მებაჟეები და რუსი ე.წ. მესაზღვრეები) ადგილობრივი მცხოვრები საბუთების შეუმოწმებლადაც გაუტარებიათ შლაგბაუმს მიღმა, ავტობუსის მგზავრისთვის რაიმე შეკვრის ან ჩანთის მისაცემად. ზოგიერთებს ხომ სახეზეც სცნობენ და სცნობენ, ამიტომ, თუ კარგ ხასიათზე არიან, მათ გამოარჩევენ ხოლმე და ურიგოდ, შეუმოწმებლად უშვებენ - ადგილობრივი გლეხების პატიოსან ბუნებას ისინიც კარგად იცნობენ და აღიარებენ.

 

გიგა ოთხოზორიამ, თვითმხილვილთა თქმით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ქართული ID ბარათი გაუწოდა. პირველი აგრესია მის მიმართ სწორედ ამ დროს წამოვიდა: აფხაზმა ე.წ. მებაჟეებმა სსრკ-ს ან ახალი აფხაზური პასპორტი მოითხოვეს, რაც გიგას არ ჰქონდა. მაშინ მას კატეგორიულად განუცხადეს, რომ ნაბაკევისკენ არ გაუშვებდნენ.

 

ახლა ადვილია თქმა, გიგა რომ გამობრუნებულიყო, არაფერი მოხდებოდაო, მაგრამ მის გზავნილს გალში ელოდებოდნენ და ამიტომაც, ოთხოზრიამ განმეორებით სცადა ბედი: მან ოკუპანტების დამუნათება დაიწყო, რაც მათ აშკარად არ ეპიტნავათ. მერე ყველაფერი ელვისებური სისწრაფით მოხდა: ერთერთმა ოკუპანტმა იარაღი ამოიღო და პირდაპირ ფეხში ესროლა ოთხოზორიას.

 

გაწევ-გამოწევაში, რა დროსაც გიგა რამდენიმე მამაკაცმა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა, სავარაუდოდ, ოთხოზრიას არც უგრძვნია, რომ დაჭრილი იყო, ხოლო როცა შეატყო, რომ ფეხიდან სისხლი სდიოდა, მიბრუნდა და ოკუპანტებს თავიანთი მოქმედების შედეგი აჩვენა, რასაც კიდევ რამდენიმე გასროლა მოჰყვა.

 

კადრებში, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო, გიგა სწორედ ამ დროიდან ჩანს - როცა უკვე დაჭრილია, კოჭლობს და ხურჩის ბოლოს მდგარი კაფისკენ მოჰყავთ. ჩანს ისიც, რომ დროდადრო გიგა პოსტის მხარეს ბრუნდება, სავარაუდოდ, იქედან წამოსულ რეპლიკებს პასუხობს.

 

ეს დეტალი მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა ოკუპანტებისთვის: მათგან ოთხმა, იცოდნენ რა, რომ არავითარი საფრთხე არ ელოდათ, გიგა ოთხოზრიას თითქმის კაფემდე მისდია და კიდევ რამდენჯერმე ესროლა. ერთმა, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ კი უკვე წაქცეულ ოთხოზორიას ტყვია თავში დაახალა, რის შემდეგაც დანარჩენებთან ერთად ისევ ნაბაკევისკენ ქნა პირი და გაუჩინარდა.

 

კადრში ისიც ჩანს, როგორ აბრუნებს თავს მკვლელი, სანამ პატარა ბოგირს გადაივლის. ერთერთი ვერსიით, ეს ყოფილი ბოევიკი ქართველების მიმართ აგრესიულობით ადრეც გამოირჩეოდა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ როცა ოთხოზრიას თავში ტყვია დაახალა, ხმამაღლა, რუსულად თქვა: „ესეც, ჩემი მეჩვიდმეტე!..“

 

ამ დროისთვის გიგა უკვე მიწაზე გდია, მას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი. ადამიანები, ვინც მომხდარს შეესწრო, შოკში არიან და მიშველებასაც კი ვერ ბედავენ, მხოლოდ ერთი ადამიანი იხრება გიგასკენ და მის შველას ცდილობს. ვიღაცამ სასწარფოში დარეკა, რომელიც ოც წუთში მოვიდა. გიგა ცოცხალია, მაგრამ გონებადაკარგული. ის გზაში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით, ექსპერტიზის შემდეგ გაირკვა, ერთი ტყვიის გარდა, თითქმის ყველა სასიკვდილო იყო, ასე რომ, თავში მიღებული ჭრილობა რომც არ ჰქონოდა, გიგა ოთხოზორიას გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, ნულს უტოლდებოდა - ის არაკაცურად და სასტიკად, დაუნდობლად დაცხრილეს...

 

გიგა ოთხოზორიას ორი შვილი დარჩა. შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა, კარგი მეუღლე და უიშვიათესი ბუნების, ძალიან კარგი ადამიანი, კიდევ ერთი პატრიოტი ქართველი აღარ არის. მას 26 მაისს დაკრძალავენ. მანამდე კი მის სახლში, ზუგდიდში, არ წყდება ნაცნობთა თუ უცნობთა თანაგრძნობის გამოხატვა - იქ ყოველდღე უამრავი ხალხია.

 

ოთხოზორიას ოჯახს ერთერთმა პირველმა მიხეილ სააკაშვილმა მიუსამძიმრა - მის მიერ გამოგზავნილი დეპეშა იმ ოთახში, ჭირისუფლების გასაგონად, ხმამაღლა წაიკითხეს, სადაც მოკლული იყო დასვენებული. დეპეშის ტექსტის კითხვისას მხოლოდ ქვითინი ისმოდა, ხოლო გიგა ოთხოზორიას დედამ, რომელიც პედაგოგია და რამდენიმე თაობა ჰყავს აღზრდილი, დეპეშის გადაცემის შემდეგ მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა: „გიგა ყოფილიყოს უკანასკნელი მსხვერპლი...“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !