
თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას მტკიცებით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. როგორც ირაკლი ალასანიამ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამ ინფორმაციას "საგანგაშოს" უწოდებს და განმარტებებს ითხოვს.
„აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმ-პელ-კომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ“, - განაცხადა ალასანიამ და დაამატა, რომ ამ თემაზე „თავისუფალი დემოკრატები“ ორშაბათს საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებენ.