
"ქვეყანას, რომელიც სტალინის ძეგლების აღდგენით არის დაკავებული, ევროპულ ოჯახში ადგილის დაჯავშნის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ლიტველი ლიბერალი პიატრას აუშტრიავიჩუსი აცხადებს.
აუშტრიავიჩუსის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სტალინის 6 ძეგლია აღდგენილი და დადგმული: "იმ ადამიანის ძეგლი, რომელიც მილიონობით ადამიანის განადგურებაზე და საშინელ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი, მათ შორის თავად ქართველების წინაშე", - აღნიშნავს ევროპარლამენტის წევრი.
ლიტვური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, აუშტრიავიჩუსი გოგი თოფაძის ცნობილ გამონათქვამებსაც ეხმაურება და აცხადებს რომ ქართველი დეპუტატის ასეთი განცხადებები მიუღებელია ცივილიზებული ქვეყნისთვის: "ნართალია, არც სააკაშვილის მმართველობის დროს იყო ყველაფერი ვარდებით მოფენილი მაგრამ, შეუძლებელია იმ საგანგაშო სიგნალების იგნორირება, რომელიც დღეს საქართველოდან მოდის", - ამბობს ის.