
არაღიარების პოლიტიკა საფრთხის ქვეშ დგება არამხოლოდ მაშინ, როცა ესა თუ ის ქვეყანა იწყებს ფიქრს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებაზე, არამედ მაშინაც, როცა ამ რეგიონებში ცნობილი ბრენდები იკიდებენ ფეხს.
ყველა ასეთი შემთხვევა უკიდურესი შეშფოთების მიზეზი უნდა ხდებოდეს საქართველოს საგარეო უწყების მხრიდან, თუმცა, ზოგჯერ თავად მინისტრი და უწყების აპარატის თანამშრომლები ამ მიმართულების სიახლეებს ქართული მედიისგან იგებენ და რეაქცია ან აქვთ, ან არა.
სულ ცოტა ხნის წინ, იტალიაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა მაურო ადოლფო მურჯამ საერთაშორისო არენაზე აღიარებისთვის დახმარება რომის პაპს, ფრანცისკოს სთხოვა. ამ მიზნით მან რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს წერილი გაუგზავნა.
წერილში მაურო მურჯა რომის პაპს წერს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ დრომდე მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ აღიარა, ხოლო ასეთი მცირერიცხოვანების მიზეზად იმას ასახელებს, რომ "გეოპოლიტიკა და არსებული დიდი ინტერესები გაერთიანდნენ და, აქედან გამომდინარე, სამართლიანი აღიარების წინსვლა ვერ ხერხდება".
როგორც "აფხაზეთის ხმამ" გაარკვია, ამ წერილის შემდეგ მაურო მურჯას ხანმოკლე აუდიენცია ჰქონდა რომის პაპთან. რასაკვირველია, ვატიკანი, რომის კათოლიკური ეკლესია აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევეა იტალიაც, მაგრამ მაურო მურჯას აქტიურობის შედეგად ხდება კულტურულ ურთიერთობებში შეფუთული კონტაქტების დამყარება იტალიის ცალკეულ ქალაქებსა და სოხუმს შორის.
ეს ურთიერთობა ითვალისწინებს ვიზიტებს, პოლიტიკურ მემორანდუმებსაც კი და მხოლოდ ამის შემდეგ, პოსტ ფაქტუმ ხდება მათი გაპროტესტება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ისიც, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ქართულ მედიაში მოხვდება.
რაც შეეხება ბრენდების ბოლო აქტივობებს, განსაკუთრებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ნაკლებად სავარაუდოა, ბრენდებმა, რომლებიც მაღაზიებს ხსნიან ოკუპირებულ ქალაქებში, რაიმე იცოდნენ "ოკუპაციის შესახებ" კანონის შესახებ, მათთან კომუნიკაცია კი ან არ არის, ან ნაკლებად ეფექტურია...
ამასობაში კი, როგორც სოცქსელებში გავრცელებული, ქვემოთ გამოქვეყნებული ფოტოები ადასტურებს, სოხუმში Colin’s-ის მაღაზია გაიხსნა, გაგრაში PENTI იხსნება, Viber-მა კი აფხაზეთი რუსეთის რეგიონების სიაში შეიტანა...