
„როცა ბრიფინგი დამთავრდა, მე გადავამოწმე სერგეენკოსთან და აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი მიდის, დაპირებული საავადმყოფოს მშენებლობა ზაფხულში დაიწყება და ამ ოთხწლიან ციკლში ჯდება“,
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში „შეხვედრები მწერალთა სახლში“ განაცხადა, როცა „მოქალაქის“ პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე წამოჭრილი საკითხების შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ბრიფინგზე „იმედის“ ჟურნალისტმა გურამ როგავას ბიძინა ივანიშვილს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა, მათ შორის, 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდში დადებული პირობა ახალი სამედიცინო ცენტრის აშენების შესახებ.
კერძოდ, ზუგდიდში 2012 წლის 22 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა ხალხმრავალ მანიფესტაციაზე განაცხადა:
„სწორედ ზუგდიდში შეიქმნება საერთაშორისო, კავაკასიის რეგიონისთვის განკუთვნილი სამედიცინო ცენტრი და სასწავლებელი.
მისი აშენება გვინდა რომ 2013 წლიდან დავიწყოთ და აუცილებლად დავიწყებთ კიდეც. მთავარი კი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მკურნალობა და სწავლა სრულიად უფასო იქნება და ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც“.
ამ დაპირებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაციით, საავადმყოფოს პროექტირება მიმდინარეობს, ტერიტორია კი ჯერ არ არის შერჩეული.