
ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილისა, სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ამოღებული , - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, ჯერჯერობით ამოღებული დნმ-ის კვლევის იდენტიფიცირება არ მომხდარა.
მთავარი პროკურორის მოადგილის მტკიცებით, გარდა ამისა, პროკურატურას გააჩნია ბევრი მტკიცებულება, რომელიც სოსანაშვილის დანაშაულზე მიუთითებს.
,,სასაცილოა, რომ გაყალბდა სოსანაშვილთან დნმ. ვიდრე მოხდებოდა მისგან დნმ-ის ნიმუშის აღება, გაცილებით ადრე იყო პროკურატურისთვის ცნობილი შემთხვევის ადგილზე დათვალიერებისას ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილზე კვალი. ეს ხდებოდა გაცილებით ადრე, გამოძიებამ თავიდანვე იცოდა რომ დნმ-ს კვალი იქნა აღმოჩენილი. ვისი კვალი იყო არ ვიცოდით. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება და სოსანაშვილამდე შემოწმებული იქნა სხვა მოქალაქეებიც. იმის მტკიცება, რომ დნმ-ს ჩადება მოხდა, სასაცილოა. დნმ-ის ნიმუშის აღებას ესწრებოდა ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები", - განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც პროკურატურამ მოიპოვა დასაბუთებული ვარაუდი ,რომ სოსანაშვილი შეიძლება ყოფილიყო ის პირი, ვინც ასაფეთქებელი მოწყობილობა დადო ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, მოხდა გამოკვლევა და ამის შემდეგ მოხდა სოსანაშვილის დაკავება ბრალდებულის სახით.
,,დაკავების შემდეგ მოხდა მისგან დნმ-ის აღება, რომელიც დაემთხვა საფლავზე ამოღებულ ნიმუშს. გამოძიება გრძელდება, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გია სოსანაშვილი საფლავის მიმდებარედ დაინახეს", - განაცხადა შოთაძემ.