
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმება, თუ მიხეილ
სააკაშვილი მთავრობის დათხოვნის უფლებას გამოიყენებს. როგორც ბიძინა
ივანიშვილმა დღეს, ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ
რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა , "ჭარბი უფლებამოსილების"
შეზღუდვის მიუხედავად, კონსტიტუციით მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება
შეუნარჩუნდა.
"ზედმეტ სპეკულაციას და კრიტიკას თავი დაანებონ. თუ უმცირესობის ლიდერ
პრეზიდენტს არ მოსწონს ახალი ხელისუფლება, მას აქვს უფლება, დაითხოვოს
მთავრობა და თუ ახალ მთავრობას პარლამენტი არ დაუმტკიცებს, პარლამენტიც
დაითხოვოს. მათ ახლა კარგი დრო დაუდგათ. მივესალმებით, თუ პრეზიდენტი
ამ უფლებას გამოიყენებს. ვკითხოთ საზოგადოებას და ჩვენი ხელისუფლების
მიმართ კრიტიკას საზოგადოება უპასუხებს. პრეზიდენტს მითვისებული
უფლებები ჩამოერთვა და პოლიტიკური სტაბილურობა დადგა ქვეყანაში.
ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის შიში აღარ აქვს", - განაცხადა ბიძინა
ივანიშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებით ხალხს მთავრობის
კონტროლის ლეგიტიმური უფლება დაუბრუნდა.