
პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართულმა დანაყოფებმა საბრძოლო მოქმედებები მანამდე დაიწყეს, სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდოდა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიზნესცენტრში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა:
"ომის თემა, ზოგადად არის, ბურუსით მოცული დღემდე. მე ვფიქრობ, რომ ობიექტური ფაქტების შედეგად, საქართველომ სიმართლით უნდა იცხოვროს და ყოველივე რეალობაზე უნდა იყოს დამყარებული. შესაბამისად, მე პირადად ბევრი შეკითხვა მაქვს.
მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით, იმ სიტუაციაში არადეკვატურად მოიქცა, გაუმართლებლად მიმაჩნია ის,რომ საჯარისო დანაყოფებმა მოქმედება მანამდე დაიწყო, სანამ რუსეთი გადმოვიდოდა. პრეზიდენტის მხრიდან ადეკვატური იქნებოდა საერთაშორისო მონიტორინგის მოწვევა და ამ ყოველივეთი შესაძლოა შემოფარგლულიყო ყველაფერი", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, ქართველი მოსახლეობის ევაკუაციის შემთხვევაში, შესაძლოა, არაფერიც არ მომხდარიყო:
"სოფლიდან საკმარისი იქნებოდა მაქსიმუმ 100 მაცხოვრებლის გაყვანა და არაფერი მოხდებოდა. ამის სანაცვლოდ, ჩემთვის გაურკვეველია, რატომ გაკეთდა ასეთი სვლა და მე ვფიქრობ, რომ ეს დააზიანებს საქართველოს იმიჯს", - თქვა ივანიშვილმა.