
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე ერთი თვით ადრე ბიძინა ივანიშვილი თბილისში „რუსული სახლის“ დაარსებაზე ფიქრობდა.
„რუსთავი–2“–ის გადაცემამ „პოსტსკრიპტუმ“ 2012 წელს დედაქალაქის ურბანული დაგეგმარების სამსახურში შესული განაცხადები შეისწავლა და გაარკვია, რომ „რუსული სახლის“ მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მერიას ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ ნაწილმა – ასოციაცია „ატუმ“ 2008 წლის 7 ივლისს მიმართა.
„გთხოვთ, გასცეთ ქალაქმშენებლობითი პირობები ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური შენობის „რუსული სახლის“ ასაშენებლად“, – წერია მერიაში შეტანილ განცხადებაში.
მოგვიანებით დოკუმენტში შესწორება ხელით შეიტანეს და „სახლი“ „სკოლად“ გადაკეთდა. როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, არის ბოჭოიძე ამბობს, განმცხადებლების მოთხოვნა იყო, რომ სახელწოდებაში აუცილებლად ყოფილიყო სიტყვა „რუსული“.
„2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ამ ასოციაციის წარმომადგენლებს და კატეგორიულად მოვთხოვეთ, რომ დასახელებიდან საერთოდ ამოეღოთ სიტყვა „რუსული“, – ამბობს ის.
რაც თავიდან „რუსული სახლი“, მერე კი „რუსული სკოლა“ იყო, საბოლოოდ „პროფესიული გადამზადების სკოლად“ გადაიქცა, თუმცა, სათაურის შეცვლით მისი შინაარსი არ შეცვლილა. იგივე სამსახურს 2008 წლის 29 სექტემბერს ასოციაცია „ატუმ“ მისწერა:
„თქვენი სამსახურის მიერ გაცემულია ქალაქმშენებლობის პირობები ობიექტზე „რუსული სკოლა“. ამჟამად ობიექტმა შეიცვალა დასახელება და მისი სახელწოდებაა „პროფესიული გადამზადების სკოლა“. სავარაუდო შენობის სართულიანობა, გაბარიტები, ფუნქციონალური დანიშნულება დარჩება იგივე“.
ცნობილია ის ადგილიც, სადაც წესით, „რუსული სახლი“ უნდა იდგეს – მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია.
საინტერესოა, რას ნიშნავს „რუსული სახლი“; „რუსეთთან მეგობრობის ცენტრი“; „რუსული ცენტრი“ და სხვა მსგავსი „სახლები“ რუსული დაზვერვისთვის:
ამონაწერი რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიიდან:
„1985–90 წლებში მუშაობდა გდრ–ში, ქალაქ დრეზდენში სსრ კავშირისა და გდრ–ის მეგობრობის სახლის დირექტორის საფარქვეშ. ამ მივლინების პერიოდში ვადაზე ადრე მიენიჭა ვიცე–პოლკოვნიკის წოდება და დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით“.