
მას შემდეგ, რაც მოსკოვში დააკავეს კრიმინალურ სამყაროში „რუფო განჯელად“ ცნობილი ულფატ ტაგიევი, ე.წ. კანონიერი ქურდის“ „დედ ჰასანის“ მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
უფრო კონკრეტულად, რუსული მედიის ცნობით, დაკავებულმა „რუფო განჯელმა“ აღიარა, რომ სწორედ მან შეიმუშავა მარშრუტი „დედ ჰასანის“ ქილერისთვის. ტაგიევი პოლიციამ მოსკოვში მდებარე ერთერთი ბაზრის თანამფლობელის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა.
თავად „რუფო განჯელი“ ცნობილია, როგორც პროფესიონალი ქილერი კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის, „დედ ჰასანის“ დაუძინებელ მტრად მიჩნეული „როვშან ლენქორანელის“ კლანში. დაკავებულმა განაცხადა, რომ ის უშუალოდ არ მონაწილეობდა ჰასანის მკვლელობაში. მისი თქმით, ნაცნობებმა მხოლო ქილერისთვის მარშრუტის შედგენა სთხოვეს. ამავე დროს, განჯელმა შემკვეთების დასახელებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რუსული კრიმინალური სამყაროს პატრიარქად წოდებული ასლან უსოიანი, იგივე „დედ ჰასანი“ 2013 წლის 16 იანვარს, მოსკოვში, რესტორან „სტარი ფაეტონიდან“ გამოსვლის დროს მოკლეს. ერთადერთი ტყვია, რომელიც ქილერმა გაისროლა, მას თავში მოხვდა. ჯერაც ცოცხალი უსოიანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ვერ გაიმეორეს ამ თავდასხმამდე ორი წლით ადრე მომხდარი სასწაული, როცა „დედ ჰასანი“ გადაარჩინეს.
მაშინ გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ქილერი რესტორნის საპირისპირო მხარეს მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სპეცტანსაცმელში გამოწყობილი ელოდებოდა მსხვერპლის გამოჩენას. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე დაკავებული არ არის.