
"ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლის არჩილ ჭყოიძის მიმართვას არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" წარმომადგენლისადმი ტვ "თრიალეთის" პირდაპირ ეთერში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა: არჩილ ჭყოიძეს სახეში მუშტი ჩაარტყეს.
მანამდე არჩილ ჭყოიძეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა "რუსეთის აგენტი უწოდა", ჭყოიძემ კი მიმართა: "ეტყობა, სააკაშვილმა ერთი ოცი ლარი მოგცა და უნდა აჩვენო, რომ გმირი ხარ".
გადაცემის თემა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ანექსია იყო. არჩილ ჭყოიძე არ დაეთანხმა ფორმულირებას "ანექსია", ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის:
"თუ მოგისმენიათ, რომ ჩვენს პატრიარქს ოდესმე ეთქვას, რუსეთი ოკუპანტიაო? ჩავიდა უწმინდესი მოსკოვში, მოელაპარაკა რუსებს და ისინი გავიდნენ პერევიდან, მერე სააკაშვილმა დადგა იქ კონცერტი, ტრიბუნებით გაიქცა პერევში და მობრუნდნენ რუსები უკან. ასე რომ ვაცალოთ ჩვენს პატრიარქს", - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ "თრიალეთის" ეთერში.