-
2014-11-24 15:44
ყიფილმა შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა ემზარ კვიციანის იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც მან „პრაიმტაიმს“ 2013 წლის მაისში მისცა.
შეგახსენებთ, რომ ინტერვიუში ემზარ კვიციანი კახა თარგამაძეს ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანასა და გადაადგილებაში ადანაშაულებდა.
„მე დოკუმენტები მაქვს იმაზე, ვინც გელაევი გადაიყვანა. სულ მაგას ვიხვეწებოდი, გამოიძიეთ-მეთქი და არც ერთმა ხელისუფლებამ ეს არ გამოიძია. გელაევის გადაყვანის შემდეგ მე ჩამოვფრინდი მოსკოვში და გავაჩერე ომი, რომელიც მაშინ უნდა დაწყებულიყო.
რაფერც შენ იცოდი, მაგის გადაადგილება, ისე მე ვიცოდი. ეს ამბავი გავიგე მაშინ, როდესაც უკვე დაიწყეს მოძრაობა, მაგრამ მერე უკვე გვიანი იყო. თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ ქუთათელაძეს, დღეს, საბედნიეროდ, ის ცოცხალია. სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის ავთო იოსელიანი, რომელიც ჩემს ამ ნათქვამს დაადასტურებდა. არც ქუთათელაძე იყო ამ ამბის საქმის კურსში და არც მე.
პირიქით, თვითონ კვიციანი იყო ჩართული ამ პროცესში, ჟვანიასთან ერთად. ეს იყო ჩვენს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია. ამას უნდა მოჰყოლოდა რუსეთ-საქართველოს ომი, შევარდნაძისა და თარგამაძის გადადგომა და ჟვანია ავტომატურად ხდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. თუ მე ვმონაწილეობდი ამ პროცესში, გამოდის, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამიკეთებია ეს. ასეთი იდიოტობა გაგიგია – საკუთარი გადადგომისთვის მოვაწყვე ეს ყველაფერი?
ჩანაწერი მაქვს, სადაც ჩანს, ვინ გადაიყვანა გელაევი კონკრეტულად, როგორ გადაიყვანეს, სად გადაიყვანეს. დოკუმენტურად მაქვს ეს ყველაფერი.
... რა ემართებოდა ქვეყანას, ეს ფეხებზე ეკიდათ. ამაში იყო ჩვენი ქვეყნის უბედურება და ამაშია დღესაც. ძნელი გასაგებია ეს, რომ ჩვენ საკუთარ თავს არ მოვუწყობდით ამას? როდესაც სამხარეო პოლიციის უფროსმა დამირეკა და მითხრა, სამეგრელოში შემოვიდნენ ესენიო, გავგიჟდი, მაშინვე დავურეკე ქუთათელაძეს, ვუთხარი, ბიჭო, შენ მაინც თუ ხარ საქმის კურსში, რა ხდება-მეთქი.
ის ამ დროს მცხეთაში იმყოფებოდა. სასწრაფოდ წამოვიდა და მოვიდა ჩემთან კაბინეტში. ავთო იოსელიანთან ერთად იყო. ორივე გაოგნებული იყო, ეს რა ხდებაო. ისიც კი მკითხეს, შენი სამხარეო პოლიციის უფროსი მთვრალი ხომ არ იყოო? ვუთხარი, დარეკე შენს სამხარეოს უფროსთან და ჰკითხე-მეთქი. როდესაც იმანაც დაუდასტურა, მაშინ უკვე მივხვდით, რაშიც იყო საქმე.
მერე კი დავიწყეთ მოძრაობა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამასობაში „რუსთავი 2“ მთელი ძალით გაჰკიოდა, თარგამაძემ გაუშვა გელაევი და თარგამაძე გმირია, უნდა დაიბრუნოს აფხაზეთიო. პირველად და უკანასკნელად გავხდი მაშინ „რუსთავი 2“-თვის გმირი. იცით, რატომ აცხადებდნენ ამას? იმიტომ, რომ მაშინ რუსები ამაზე იყვნენ გაცოფებულები. კოდორის მიმართულებით მოახდინეს ძალების მობილიზება.
ეს გეგმა კი ითვალისწინებდა იმას, რომ მე არ შემძლებოდა რუსებთან კომუნიკაცია. არადა ერთადერთო კაცი ვიყავი, ვისაც მათთან საუბრის რესურსი მქონდა და შემეძლო, პროცესი გამეჩერებინა. ამაში რომ ხელი შეეშალათ, იმიტომაც აყვირდნენ, თარგამაძეს გადაჰყავს გელაევიო. მაშინ შევარდნაძემ მთელი უშიშროების საბჭოს თანდასწრებით მთხოვა, წადი მოლაპარაკებაზეო. წავედი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მქონდა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების.
საბოლოო ჯამში, მაინც მოვახერხე და რუსებს გავაგებინე, რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. რუსებმაც შეაჩერეს ჯარი. ძალიან მიკვირს, ქართველებს ამნეზია ხომ არ დაგემართათ?
... როცა რუსეთიდან დავბრუნდი, ტელევიზიებით გამოდიოდნენ ჟვანია, ბარამიძე და ყვიროდნენ, – თარგამაძე არის ქვეყნის მტერი, იმიტომ რომ ეს ომი გააჩერაო... არქივში არსებობს ეს მასალები, ეკა ბერიძეს მიჰყავდა მაშინ გადაცემა და ჰქონდა მათთან პირდაპირი ჩართვა.
ისინი ამბობდნენ, თარგამაძე რუსეთში ჩავიდა და ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დაიბრუნოს აფხაზეთი და თარგამაძის დაბრუნებული აფხაზეთი ჩვენ არ გვჭირდებაო. ამოიღეთ ეს კადრები და თავადაც დარწმუნდებით,“ - აღნიშნა კახა თარგამაძემ.
„პრაიმტაიმი“