
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 121 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააკეთა. შეწყალებულთაგან 93 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, 28 მათგანს სასჯელი შეუმცირდება.
შეწყალებულთაგან სამი ქალი და სამი არასრულწლოვანია.
შეწყალების კომისია 14-15 ნოემბერს შეიკრიბა. კომისიაში სულ 752 განაცხადი იყო შესული, თუმცა კომისიამ არსებითად მხოლოდ 350 საქმე განიხილა, რადგან დანარჩენი განაცხადები არსებითი განხილვისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. განხილული საქმეებიდან პრეზიდენტს რეკომენდაციის სახით 121 საქმე გადაეცა.