
გუშინ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ ტერიტორიული სამსახურების ხელმძღვანელებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალური ღონისძიებების შემუშავება დაავალა.
აფხაზ სამართალდამცავებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი ე.წ. მაყურებლებისა და კანონიერი ქურდების გამოვლენა და დაკავება ევალებათ.
ასეთი ღონისძიებების გატარების შემდეგ კანონთან მწყრალად მყოფ პირებს აფხაზეთის დატოვება და სხვა ქვეყანაში გადაბარგება მოუწევთ.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის აფხაზეთში 10 კანონიერი ქურდი „მოღვაწეობს“. მათგან 9 ეროვნებით აფხაზია, ერთი კი ქართველი.
სამართალდამცავების მხრიდან საგანგებო ზომების მიღება სოხუმში 13 ნოემბერს მომხდარმა ფაქტმა დააჩქარა, რომლის დროსაც „ქალაქის მაყურებელმა“ ინალ ახუბამ და მისმა მეგობრებმა რეიდზე გამოსული პოლიციის მაღალჩინოსანი სასიკვდილოდ სცემეს. მისი მდგომარეობა უმძიმესია.
ოპერატიული მონაცემებით, აღნიშნულ შემთხვევამდე ერთი საათით ადრე, ახუბა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკსაც ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებული შს მინისტრის ახლო მეგობარია.