
პეკინის ქუჩაზე სადისტურად მოკლული 23 წლის ტრანსგენდერი ბექა ბერიანი 16 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში დაკრძალეს.
მოკლულის დედა ირწმუნება, რომ მის შვილს არავისი ვალი არ ჰქონდა.
„ტყუილია, რომ ჩემს შვილს ვინმეს ვალი ჰქონდა. შეიძლება პირიქით - ბექას ფული მართებდა მკვლელს. ბანკში ანაბარიც კი ჰქონდა გახსნილი, უხაროდა, თანხას რომ აგროვებდა, პროცენტებიც მემატებაო. შინაც ჰქონდა 1 000 ლარამდე. ჩემს შვილს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
თბილისში თვეში ერთხელ ვაკითხავდი, სალონში სტილისტად მუშაობდა. მითხარით, რატომ მომიკლეს? წინადღეს ვესაუბრე ტელეფონით. 15 ნოემბერს, ჩემი დაბადების დღეს, სოფელში უნდა ჩამოსულიყო. იმ დასაწვავ დღეს დილიდან ვურეკავდი, ტელეფონი სულ გათიშული იყო. ძალიან ცუდი წინათგრძნობა მქონდა. ავფორიაქდი, ვერ ვისვენებდი, თავს იმით ვინუგეშებდი, ალბათ, სძინავს-მეთქი.
დილით ტელევიზიით გავიგე, რომ პეკინზე ვიღაც მოკლეს და მოსვენება დავკარგე. 25 წლის არისო, თქვეს და ცოტათი დავმშვიდდი - ბექა 23 წლის იყო... მერე 3-საათიან "კურიერში" გამოაცხადეს, ვინაობა დადგინდაო. ვიჯექი და ვლოცულობდი, ოღონდ შენ არ იყო, შვილო-მეთქი. ერთადერთი შვილი მყავდა, მეტი არავინ, დედა მოუკვდეს, კარგი მოსწავლე იყო, დღესაც იყვნენ მისი მასწავლებლები სამძიმარზე. ველისციხის სკოლა დაამთავრა, მერე თბილისში წავიდა და იქ აირია მისი ცხოვრება.
თბილისიდან რომ ჩამოდიოდა, ისე იქცეოდა, როგორც მამაკაცს შეეფერება, მაგრამ, როცა შევიტყვე, თბილისში ქალის ტანსაცმლით დადიოდა, ცუდად გავხდი. მაშინ მდგომარეობიდან ძლივს გამოვედი. ის გადაცემა დღემდე არ მინახავს...
ამ თემაზე ჩემთან საუბარი უჭირდა. არადა, ვერ წარმოიდგენთ, როგორი მხიარული ბავშვი იყო, სიმართლის მოყვარული... ყველაზე მეტად პაპასი ერიდებოდა, მისი შინ მოსვლისას ქუდს იხურავდა, რომ შინდისფრად შეღებილი თმა არ გამოსჩენოდა და პაპას გული არ სტკენოდა. სიგიჟემდე უყვარდა პაპა. ბექა 3 თვის იყო, როცა ქმარს გავცილდი, მას შემდეგ მშობლების გვერდში დგომით გავზარდე შვილი.
სქესის შეცვლაზე ლაპარაკი ჩემთანაც დაიწყო. აპირებდა, ოპერაცია საზღვარგარეთ გაეკეთებინა, მაგრამ ამის ფული არ ჰქონდა, აგროვებდა, ანაბარიც ამიტომ გახსნა. საქართველოდან წასვლა უნდოდა. ალბათ, მეც არ დავუშლიდი. ვხედავდი, რა დღეშიც იყო...
კარს უცხოს არ გაუღებდა, ორმაგი საკეტით კეტავდა - ქალაქია და სიფრთხილეა საჭიროო, მეუბნებოდა. როგორც ჩანს, მკვლელს იცნობდა, შეიძლება, გასაძარცვად მივიდა ბინაში და მოკლა... ხანდახან ისეთი სევდიანი იყო, გული მოგიკვდებოდა.
ჭკუის დარიგებას რომ დავუწყებდი, მეტყოდა, კარგი, დედა, ჩემიც მეყოფაო. თვითონაც ძალიან განიცდიდა. ერთხელ თვითმკვლელობაც სცადა, ლისის ტბაში გადახტა, მაგრამ გადაარჩინეს. მაშინ ხალხი ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი, აქეთ მე ვეჩხუბებოდი, ამის უფლებას არ მოგცემ-მეთქი და ვერ გაუძლო ზეწოლას... მერე მივხვდი, ჩხუბს აზრი არ ჰქონდა, ეს ჩვენი ოჯახის ტრაგედია იყო...,“ - ამბობს ბექას დედა, თამუნა.
„კვირის პალიტრა“