
ღონისძიება დღეს, 17 ნოემბერს, „შერატონ მეტეხი პალასში“ 16:00 საათზე დაიწყება.
დაგეგმილია ვებგვერდის პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის გახსნა.
შეხვედრას დაესწრებიან შვეიცარიის, ჰოლანდიის და ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელმა“ შექმნა გავლენიანი პლატფორმა უმცირესობებისა და ადგილობრივი მკვიდრი ხალხისათვის. ქსელი შეიქმნა 2013 წელს და იგი აერთიანებს 80-ზე მეტ ორგანიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდავეთიდან და უკრაინიდან.
დღევანდელი შეხვედრა არის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების სემინარის გაგრძელება, რომელიც ეხება უმცირესობების უფლებებს, კონფლიქტებსა და შერიგების პროცესს. დღევანდელ შეხვედრას ესწრება ექვსივე ქვეყნის წარმომადგენელი.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელი“ შეხვედრებით, ტრენინგებითა და საგრანტო პროგრამით დაეხმარა უმცირესობათა თემებს კამპანიების ორგანიზებასა და ადვოკატირებაში. ყოველივე წარმოდგენილია ქსელის ახალ ვებ-გვერდზე, რომლის პრეზენტაციაც მოხდა თბილისში გაცვლითი შეხვედრის დროს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიისა და ნეთვორკინგის შედეგად 80-ზე მეტმა ორგანიზაციამ და ათეულობით ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღებმა პირმა აიმაღლეს ცნობიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში უმცირესობების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.