
საქართველოს პრეზიდენტი (2004–2013) მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“ კიევის პატრიარქ ფილარეტის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა „სულ სხვა ფილარეტი“ წარმოაჩინა.
მიხეილ სააკაშვილი წერს:
„1985-1992 წლებში ბევრჯერ დავსწრებივარ მაშინ მიტროპოლიტ ფილარეტის ღვთისმსახურებას ვლადიმირის საკათედრო ტაძარში, რომელიც ჩემი უნივერსიტეტის მახლობლად მდებარეობდა. 1986 წელს ჩემ წინააღმდეგ „კგბ“-ს მხრიდან დევნის დაწყების ერთ-ერთ მოტივად ბევრ სხვა სერიოზულ ბრალდებასთან ერთად ამ ტაძარში ხშირი სიარული დამისახელეს.
მაგრამ ამ დღეეებში მე ვიხილე სულ სხვა ფილარეტი - მებრძოლი და შეუდრეკელი როგორც არასდროს. პატრიარქის თქმით, მან ნახა კადრები უკრაინელ კაზაკზე, რომელიც გააშიშვლეს, სცემდნენ და მან მაინც შეინარჩუნა სიმშვიდე და თავი არ დაუხარა მოძალადეებს.
პატრიარქ ფილარეტის თქმით ეს არის უკრაინის სიმბოლო - გახდილი, ნაცემი, მაგრამ მაინც ამაყი და ღირსებით აღსავსე. გენიალური სიტყვებია!“.