საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განაცხადებით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა ნიდერლანდებში სექტემბრამდე გახანგრძლივდა, ხოლო ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვები 20 მაისს მოიხსნება.
CNN ცნობით, იტალიურ საკრუიზო გემ „კოსტა ატლანტიკაზე“, რომელიც იაპონიაში, ნაგასაკის პრეფექტურაშია გაჩერებული, კორონავირუსი ეკიპაჟის კიდევ 33 წევრს დაუდასტურდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტებს ვირუსის სიმპტომებით სამედიცინო კლინიკებში გადაიყვანენ, ხოლო ისინი, ვისაც სიმპტომები არ აქვთ, გემის კაბინებში იზოლაციაში განთავსდებიან.
შეგახსენებთ, იტალიური საკრუიზო ლაინერი „კოსტა ატლანტიკა“ იაპონიაში მარტიდან არის გაჩერებული. გემზე, რომელზეც ეკიპაჟის 623 წევრი და არც ერთი მგზავრი იმყოფება, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.
თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. როგორც „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯამში გამოკვლეული 83 პირიდან, შედეგი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მათთან საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვები არ მოხსნილა.
იტალიაში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 534 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის საერთო მსხვერპლმა ქვეყანაში 24 648-ს მიაღწია. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 2 729 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რიცხვი 183 957-მდე გაიზარდა.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 40 კვლევიდან 32 უარყოფითი პასუხია მიღებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 8 პაციენტის კვლევა გრძელდება და მათი ტესტის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
პარლამენტი დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრის. საგანგებო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, ხუთშაბათიდან დაიწყება“. - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი.
აჭარაში ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბიოლოგიური ლაბორატორიული კვლევა 100 პირს ჩაუტარდა და ყველას უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა. ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში 530 პირი გამოიკვეთა, მათ შორის 300-ზე მეტს სწრაფი ტესტით კვლევა ჩაუტარდა.